ENG / RUS       12+

ანდრეი ნესტერენკო: რუსეთში ძველებურად უყვართ საქართველო და ქართველები

რესპოდენტის შესახებ

მიხეილ ნიკოლაევიჩი და არა საქართველოს პრეზიდენტი - სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისთვის" მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს, ანდრეი ნესტერენკოს არც ერთხელ არ უწოდებია მიხეილ სააკაშვილისთვის - საქართველოს პრეზიდენტი. რუსეთის საგარეო უწყების მაღალჩინოსანი საქართველო-რუსეთს შორის ერთი წლის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს აფასებს და აშკარად იკვეთება მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის სურვილი - "მიხეილ ნიკოლაევიჩის მიერ თავისი პოლიტიკური უფლებამოსილების მოხსნისა". საქართველოსა და რუსეთს შორის მომხდარი ყველა ნეგატიური მოვლენის მიზეზი რუსი მაღალჩინოსნის აზრით მხოლოდ ერთია - მიხეილ ნიკოლაევიჩი...

- შეიძლება ითქვას, რომ რუსეთისა და საქართველოს თემა უკვე თითქმის გასულ წელს საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე განსახილველ ტოპ-საკითხს წარმოადგენდა.

მიღებულ იქნა გაეროს რეზოლუცია, გაკეთდა მრავალი განცხადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად და მრავალი ქვეყანა ეთანხმება იმას, რომ რუსეთი მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიის ოკუპაციას ახორციელებს. თუმცა, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების აზრისა, რუსეთი აგრძელებს პოზიციების გამყარებას აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ თუნდაც ბოლო ფაქტი ცხინვალის რეგიონში "სმერჩის" სისტემების განთავსება, რომელსაც ძალუძს არაკონტროლირებადი დარტყმის მიყენება 70-იდან 90 კილომეტრამდე დისტანციაზე. რაც, თავის მხრივ, დარტყმის ქვეშ ქვეყნის დედაქალაქს - თბილისს აყენებს.

- სიმართლე გითხრათ, არ ვფლობ დეტალურ ინფორმაციას ამ სისტემის განლაგების თაობაზე, თუმცა, როგორც ჩანს, იგი საჭიროა. ხოლო რაც შეეხება ჩვენს აზრს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, მთლიანობაში იგი მაინც მკაფიო და უცვლელი რჩება - ეს უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და არავითარი ოკუპაცია იქ არ ხდება. ამავე დროს, ჩვენი პოზიციის უკეთ გასაგებად შემიძლია აღვნიშნო, რომ ამჟამად არავითარ ისეთ ღონისძიებას ან ქმედებას არ მივმართავთ, რომელიც ვინმეს დაშინებისკენაა მიმართული ან ვინმეს საფრთხის ქვეშ დაყენებას ისახავს მიზნად - ეს მხოლოდ დაცვაა.

აუცილებელია მივუბრუნდეთ უკვე მომხდარ მოვლენებს. 2008 წლის კონფლიქტთან დაბრუნებით კი შეიძლება ითქვას ერთი რამ - მოხდა სრულიად გასაგები რაღაც. ქართული მხრიდან გაცემული იყო ბრძანება ცხინვალზე იერიშის დაწყების შესახებ და ეს არ უნდა განმეორდეს. მაშინ საუბარი მიდიოდა არა კონკრეტულ დაჯგუფებებზე, არამედ ამ ქალაქის მცხოვრებლებზე. ის, რომ აფხაზეთიც და ცხინვალიც ავტონომიურად არსებობდნენ, რა თქმა უნდა, არ მოსწონდა მიხეილ ნიკოლაევიჩს. თუმცა ჩემი პირადი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით მაინც მიდის იქამდე, რომ იგი, ალბათ, მარტო არ მოქმედებდა...

- თქვენ აღნიშნეთ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ავტონომია საქართველოს პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი არ იყო. რატომ? რა სტატუსით შეიძლება დაენახა მას ეს რეგიონები?

- მიმაჩნია, რომ იგი უბრალოდ არ ეთანხმებოდა იმას, რომ ისინი ავტონომიურ პოლიტიკას ატარებდნენ და თვითგამოცხადებული დამოუკიდებელი სახელმწიფოების ხარისხში არსებობდნენ. მისი ოფიციალური განცხადებები მხოლოდ იქამდე მიდიოდა, რომ საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის უნდა იყოს. ეს პოზიცია ადგილს არ ტოვებდა (ასე აფასებდნენ სიტუაციას აფხაზებიც და ოსებიც) სხვა არაფრისთვის და გამოდიოდა ასეთი რამ: "თქვენ ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობთ, მაგრამ უცხო ხალხი ხართ". ყოველივე ეს საჯაროდ იყო ნათქვამი.

აგრესიის წინ კი (ამის დამადასტურებელი მონაცემები არსებობს), პირველ ყოვლისა, გაყვანილი იყო ის ქართული კონტინგენტი, რომელიც სამშვიდობო ძალებში შედიოდა და ამას გარდა, სანაკოევის მეშვეობით (რომელიც სამხრეთ ოსეთის ერთგვარი მმართველის როლის მორგებას ცდილობდა), სპეციალურად გაგზავნილი იქნა ინსტრუქციები, რომელთა შედეგადაც ქართული მოსახლეობის ნაწილმა ტერიტორია დატოვა. ამის შემდეგ დაიწყო დაცხრილვა.

პროპაგანდა იმისა, რომ რუსი სამხედროები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ - აბსოლუტური სისულელეა. ჩვენი სამშვიდობო კონტინგენტის გარდა, რომელიც ასევე დაიცხრილა, იქ არავინ იყო. იქნებ გახსოვთ ერთი ფოტოსურათი, რომელზედაც შენობაში ტანკია გაჩხერილი. მე ცხინვალში კონფლიქტის შემდეგ მალევე ჩავედი. ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ძალები და ქართველი სპეციალისტები იყვნენ განლაგებული. ეს კი ქართული ტანკი იყო, რომელიც შევიდა ამ სამშვიდობო პუნქტის ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, ნავარაუდევი იყო, რომ მას ცეცხლი სწორედ აქედან უნდა ეწარმოებინა. თუმცა ეს ტანკი გააუვნებელყვეს...

ცხადად არსებულის უარყოფა არ შეიძლება. მიხეილ ნიკოლაევიჩი აცხადებს, რომ მისი პროვოცირება ვიღაცამ მოახდინა და ა. შ.. ჩვენთვის ცნობილია, რომ იყო გარკვეული კონფლიქტური სიტუაციები ქართველებსა და ოსებს შორის, მაგრამ როდესაც ადამიანი აძლევს ბრძანებას ქალაქის იერიშის შესახებ, მით უფრო მძინარე ქალაქის იერიშის შესახებ, აღნიშნული ფაქტი კომენტარებს აღარ საჭიროებს.

- თუმცა ასევე ცნობილია, რომ ცხინვალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა მის დაცხრილვამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

- არავის არავინ გაუყვანია. ხალხის გაყვანა მოგვიანებით დაიწყეს. მიხეილ ნიკოლაევიჩის მოქმედებები კი ადამიანთა წინაშე ჩადენილი დანაშაული იყო.

- ასეა თუ ისე, ამ კონფლიქტის დასრულებიდან ორი წლის შემდეგაც კვლავ ჩიხში შესული სიტუაციაა. მხარეთაგან არც ერთს დათმობაზე წასვლა არ უნდა და თითოეული თავის სიმართლეს ამტკიცებს. რა ვქნათ, როგორ გავჭრათ ეს გორდიასის კვანძი?

- პირველ ყოვლისა, ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ უნდა უხელმძღვანელოს მათ ქვეყანას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ამას გარდა, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე საუბრისას არაერთგზის გვითქვამს, რომ დიპლომატიური ურთიერთობები სწორედ მიხეილ ნიკოლაევიჩის ინიციატივით გაწყდა. ყველაფერი დანარჩენი კი ისედაც ცნობილია.

რაც შეეხება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული სიტუაციიდან გამოსავალს, მიმაჩნია, რომ ამ საკითხში გამოსავალი თავად აფხაზებთან და ოსებთან უნდა მოიძებნოს. პირდაპირი კონტაქტები უნდა მოხდეს. ქართული დიპლომატიის წარმომადგენლებმა უნდა ეძებონ დიალოგის ფორმა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს უბრალოდ დიალოგი, რომლის დროსაც ყველა ერთმანეთს ადანაშაულებს. აუცილებელია ორმხრივი დისკუსიის წარმართვა. მხარეთაგან თითოეულმა უნდა თქვას, როგორ ხედავს ის თავის პოზიციას. შემდეგ კი უკვე აუცილებელია დაახლოების გზების ძიება. თუმცა ყველაფერი უნდა ხდებოდეს მხოლოდ დიალოგით და მხოლოდ გარკვეული გარანტიებით.

ახლა არის იმედის მომცემი სიგნალები, რომ თბილისი, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, თითქოს თანახმაა და აპირებს წავიდეს თავდაუსხმელობის ხელშეკრულებაზე (ასეთი განცხადება გააკეთა მიხეილ ნიკოლაევიჩმა ევროპარლამენტში). რამდენიმე ხნის წინ იყო რეაქციები როგორც ცხინვალიდან, ისე სოხუმიდან, რომლებიც მაინც სიფრთხილით უდგებიან ამ საკითხს. ალბათ, სწორედ აქ უნდა მოიძებნოს რამე, მოიძებნოს საფუძველი, კონკრეტულად - პირდაპირი კონტაქტები.

ასევე უნდა იქნეს გამოყენებული კონტაქტები ჟენევის დისკუსიების ფორმატში. თუმცა ისიც მართალია, რომ ეს მოლაპარაკებებიც ყოველთვის მშვიდად და რბილად არ მიმდინარეობს და იქაც არის ემოციები და მწვავე პოლიტიკური დაძაბულობა.

- კავკასიის თემის განხილვისას საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრის გაგება საქართველოს მიერ ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ...


- გულწრფელად გეტყვით: ჩემთვის ეს ახალი ამბავი საკმაოდ მოულოდნელი იყო, იმიტომ, რომ არ არის მსოფლიო პრაქტიკაში მსგავსი წინადადებები, როდესაც საზღვრები მხოლოდ მეზობელი ქვეყნის გარკვეული კატეგორიის მოქალაქეთათვის იხსნება. ეს იგივეა, რომ, მაგალითად, აშშ-მ გამოაცხადოს, ჩვენი საზღვრები შვეიცარიის კონფედერაციის ცალკეული კანტონებისთვის იხსნებაო.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილებები გარკვეული ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებაში და ეს სულ სხვა საქმეა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გარკვეული ეროვნებებისა და ხალხების მიმართებაში - საერთაშორისო პრაქტიკაში ასეთი არ არსებობს.

- ბოლო დროს გახშირდა ფაქტები, რომლებიც ქართული სპეცსამსახურების მიერ რუსი ჯაშუშებისა და ტერაქტების ორგანიზატორების დაკავებას ეხება. სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ დააკავეს ადამიანები, რომლებიც რუსული არმიის გენერლის ხელმძღვანელობით საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზებას ახდენდნენ...

- ამ საკითხთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, რომ ის კომენტარები, რომლებსაც მანამდე ქართველი პოლიტიკოსებიდან ვისმენდით, დაფიქრების საშუალებას იძლევა. ხომ არ სჭირდება ეს ყველაფერი ვინმეს და ხომ არ სჭირდება სწორედ ვინმეს აი ასეთი სიტუაციები... ვიღაც გენერალი, ვიღაცას აგზავნის და ა. შ.. ეს ფარსია. მიმაჩნია, რომ ყოველივე ეს ძალიან ჰგავს ჯაშუშური სკანდალების თამაშს... იმისათვის, რომ ობიექტური სურათი გვქონდეს, ზუსტი მონაცემები უნდა გეჭიროს ხელში და თუკი საუბარი მისი ბრალდებებზე, მაშინ ეს ბრალდებები კომპეტენტური ორგანოების მიერ უნდა იყოს წამოყენებული...

- ვინ შეიძლება იყოს საქართველოს შსს მინისტრ ვანო მერაბიშვილზე უფრო კომპეტენტური, რომელმაც პირადად გააკეთა განცხადებები და კომენტარები ამ საკითხთან მიმართებაში?

- შს მინისტრი ეს ის ადამიანია, რომელიც მიხეილ ნიკოლაევიჩმა დანიშნა. ამიტომაც რასაც მიხეილ ნიკოლაევიჩი იტყვის, ის იმას გააკეთებს...

- 2006 წლიდან მოყოლებულმა ჯაშუშურმა სკანდალებმა და ამის შემდეგ განვითარებულმა პოლიტიკურმა უთანხმოებებმა ყველაფერი მიიყვანა იქამდე, რომ იკარგება კავშირები ხალხებს შორის. ზარალდებიან უბრალო ადამიანები...

- რუსეთში ძველებურად უყვართ საქართველო და ქართველები. ჩვენ ვართ ადამიანები საერთო ისტორიით და ღრმა კულტურული კავშირებით... ბოლო წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა რუსეთში ქართველების მიმართ არამეგობრული დამოკიდებულების გამოვლენისა. ადამიანები ხვდებიან, რომ პოლიტიკა - ეს ერთია, რეალური ცხოვრება, ისტორია და სისხლი რომელიც არეულია - სულ სხვა. ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაწყვეტა... არ შეგვიძლია რუსულ-ქართული კავშირების გაწყვეტა, ისევე, როგორც არ შეგვიძლია კავშირების გაწყვეტა რუს და უკრაინელ ხალხს შორის... ეს ისტორიაა.

უბრალოდ, კარგად უნდა გვესმოდეს... როდესაც იქ "ბიძია სემი" ვაშინგტონიდან ამბობს - "ალო" - იმიტომ რომ ვიღაცისთვის ხელსაყრელია ყოველივე ამის დანგრევა, გატეხა და გადაზელვა, ასეთ შეცდომებს ისტორია არ პატიობს.

სააკაშვილის სახელი უკვე შევიდა ისტორიაში ცხინვალის დაცხრილვის გამო და იგი ყველაზე შავ გვერდზე წერია. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თუკი თავის პოლიტიკურ უფლებამოსილებას მოიხსნის, შემდეგ ნომერში მას სად ვნახავთ? - ვაშინგტონში... ქართულ საზოგადოებას იგი უკვე აღარ დასჭირდება. ვაშინგტონში კი წაიკითხავს ლექციებს და კვლავ იყვირებს: რუსეთი - აგრესორი! თითქოს პატარა დემოკრატიული საქართველო გათელილია და ჩახშობილია რუსეთის მიერ, მაგრამ... ყველამ კარგად იცის, რომ ეს ასე არ არის.

 


"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ანასტასია კამენსკაია

ავტორი: . .