დღეს, 15 დეკემბერს, მოსკოვის ხამოვნიჩის სასამართლოში "იუკოსის" ექს-ხელმძღვანელ მიხეილ ხოდორკოვსკის წინააღმდეგ აღძრული მეორე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, განაჩენის გამოცხადება დაიწყება. სავარაუდოდ, განაჩენის წაკითხვას რამდენიმე დღე დასჭირდება.
ხოდორკოვსკისა და "მენატეპის" ხელმძღვანელს პლატონ ლებედევს 2005 წელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბრალად მათ თაღლითობა და გადასახადების გადაუხდელობა ედებოდათ.
2006 წელს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის მეორე საქმე აღიძრა, რომლის ფარგლებშიც პროკურორები მათთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვენ. ამ საქმის მიხედვით მათ უკვე ბრალი ედებათ 200 მილიონ ტონა ნავთობის დატაცებაში, უკანონოდ გამომუშავებული თანხის მითვისებაში და 3 მილიარდ რუსულ რუბლად ღირებული აღმოსავლური ნავთობის კომპანიის 38 პროცენტიანი აქციების პაკეტის მისაკუთრებაში. მსჯავრდებულები და მათი დაცვა გამამართლებელ განაჩენს მოითხოვენ.
ე. წ. "იუკოსის" საქმე, ბოლო წლებში რუსეთში არსებულ საქმეთაგან ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანია. რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ მომენტში ქვეყანაში ყველაზე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელობა მთელ რიგ ეკონომიკურ დანაშაულში დაადანაშაულეს. შედეგად "იუკოსი" გაკოტრდა, მისი აქტივები კი სახელმწიფო კომპანია "როსნეფტს" გადაეცა. დასავლეთი დღემდე მიიჩნევს, რომ "იუკოსის" საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ყოველივეს კატეგორიულად უარყოფს.
ხოდორკოვსკის ხშირად ვლადიმერ პუტინის პირად პატიმარს უწოდებენ. პირადად ხოდორკოვსკი თავის წინააღმდეგ აღძრულ მეორე სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურს და კორუფციულად მოტივირებულს უწოდებს. მისი თქმით, ამ პროცესის ინიციატორები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მისი თავისუფლებაზე გამოსვლა არ სურთ. მის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლებრივ დევნას კი ხოდორკოვსკი იმით ხსნით, რომ იგი დამოუკიდებელ ოპოზიციას უჭერდა მხარს.