ENG / RUS       12+

The Wall Street Journal: პოლიტიკურ თავისუფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უარესდება

დემოკრატიული რეცისია, _ ამ სათაურით აქვეყნებს გავლენიანი ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal სარედაქციო სტატიას, რომელშიც ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პოლიტიკურ თავისუფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უარესდება.

"დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს დემოკრატიზაციის ტალღამ გადაუარა, რომელიც სხვადასხვა ფრად - ნარინჯისფრად (უკრაინა), ვარდისფრად (საქართველო) და ა.შ. - ლივლივებდა. დღეს კი ყველაფერი დასრულდა", _ ნათქვამია სტატიაში და ავტორები ამის ერთ-ერთ მიზეზად აშშ-ს მხრიდან ყურადღების არარსებობას ასახელებენ. "მსოფლიოში დემოკრატიის რეცესიაა, მიუხედავად იმისა, აქცევს თუ არა ამას ვინმე ყურადღებას, ხომ არ შეიძლება ამის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ს მხრიდან ყურადღების არარსებობა იყოს?"

სტატიის ავტორებს მაგალითად მოჰყავთ ნოემბერში ბირმელი გენერლების მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბება და ასევე ეგვიპტის თანამედროვე "ფარაონი" ჰოსნი მუბარაქი მიერ არჩევნების შედეგების გაყალბება.

"ეს ცალკეული, თუმცა ერთი ტენდენციის ამსახველი შემთხვევებია. დემოკრატიისგან უკანდახევა მოხდა რუსეთში, ტაილანდსა და ვენესუელაში. ამ მხრივ წინსვლა იყო ერაყში, ლიბანსა და თურქეთში, მაგრამ დღეს ახლო აღმოსავლეთში მოვლენები სხვაგვარად ვითარდება და ლიბანის მთავრობა იძულებულია ავტორიტარულ სირიასა და ჰესბოლას თავი დაუხაროს. Freedom House-ის უფლებადამცეველები აღნიშნავენ, რომ უკვე მეოთხე წელია რაც იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებები სულ უფრო იზღუდება, და არა პირიქით", _ ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამის მიზეზი რთულ ეკონომიკურ პერიოდთან ერთად ის არის რომ ზოგიერთმა ავტორიტარულმა ლიდერმა ეკონომიკური დესტაბილიზაციით ისარგებლა და პოპულისტური გზებით საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლება განამტკიცა. ნავთობზე მაღალმა ფასებმა კი ვენესუელაში უგო ჩავესის, რუსეთში კი ვლადიმერ პუტინის პოზიციები გააძლიერა.

"მაგრამ აქ თავისი როლი იმანაც ითამაშა, რომ დღეს ამერიკა ამ პრობლემის მიმართ ნაკლებ ინტერესს იჩენს და თავად ნაკლებად მისაბაძი მაგალითია", _ ნათქვამია სტატიაში და ავტორები იხსენებენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდს, როდესაც ავტორიტარიზმის ყვაოდა.

"მაგრამ 1980-იან წლებში დემოკრატიზაციის ტალღა დაიწყო, რადგან აშშ რონალდ რეიგანის ხელმძღვანელობით მაგალითი გახდა, რომლის მიბაძვა ბევრმა მოინდომა. ეს ტენდენცია 1990-იან წლებშიც გაგრძელდა, და შემდგომი ათწლეულის დასაწყისშიც; დღეს მსოფლიოში არჩევნების დემოკრატიული სისტემა 116 ქვეყანას აქვს, ოცი წლის წინ ასეთი 76 ქვეყანა იყო. გარკვეული დროის განმავლობაში, უმცროს ჯორჯ ბუშს დემოკრატიისთვის ბრძოლა საკუთარი პროგრამის საფირმო ნიშნად მიაჩნდა, რის გამოც ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყნებში სერიოზული ცვლილებები მოხდა. მაგრამ მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს მისი „თავისუფლებისთვის ბრძოლა" დამუხრუჭდა ერაყის და პალესტინის არჩევნებში ჰამაისის გამარჯვების შემდეგ, ასევე პრაგმატული პოლიტიკის გამო, რაც ბუშმა ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან მიმართებაში გააკეთა", _ აღნიშნავენ ავტორები.

"2008 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტმა ობამამ საერთოდ უარი თქვა დემოკრატიისთვის ბრძოლაზე, დაუჯერა რა ლიბერალებს, რომ აშშ-ს მორალური სახე შელახულია (გუანტანამო, „წამებები") და მას არ აქვს უფლება საკუთარი ფასეულობები ვინმეს თავს მოახვიოს. ამერიკელი ექსპერტები დემოკრატიისადმი რწმენის ამ დაკარგვას ექოსავით გამოეხმაურნენ, განაცხადეს რა, რომ ცუდი არ იქნება თუკი ამერიკა ჩინეთად გარდაქმნება - თუნდაც ერთი დღით, რათა შესაძლებელი გახდეს კონსტიტუციის აბეზარი შეზღუდვებისთვის თავის არიდება და საკუთარი დირიჟისტული [1] ოცნებების განხორციელება. მოსკოვში, პეკინში, იანგონსა და სხვა დედაქალაქებში ეს გაგებულ იქნა, როგორც ის, რომ აშშ აღარ მიისწრაფვის დემოკრატიის დამკვიდრებისკენ მთელს მსოფლიოში. ამ თემაზე ოაბამას წელს რამდენიმე კარგი გამოსვლა ჰქონდა, თუმცა მისი სიტყვები პოლიტიკაზე არ ასახულა", _ ნათქვამია სტატიაში.

სტატიის დასასრულს, ავტორები აღნიშნავენ, რომ ამერიკული საზოგადოება იმდენადაა დაკავებული საშინაო საქმეებით, რომ არ აქვს სურვილი დემოკრატიული ღირებულებები იქადაგოს.

"მაგრამ დემოკრატიული ქვეყნები მაინც უკეთესი მოკავშირეები არიან, ხოლო ავტორიტარულები კი მეტ გლობალურ პრობლემებს ქმნიან, მსოფლიო დემოკრატიული რეცესია აშშ-სთვის საზიანოა, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტმა და მისმა სახელმწიფო მდივანმა უნდა ეძებონ გზები, რომ ეს პროცესი როგორმე უკან დააბრუნონ", _ აღნიშნულია სტატიაში.

 

ავტორი: . .