საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეკა ბესელიას მოძრაობიდან აცნობეს, საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში საგანგაშო ვითარებაა.
"ჩვენ ღიად და ხმამაღლა ვასახელებთ საპყრობილეებში პატიმრების მიმართ განხორციელებული სასტიკი და არაადამიანური მოპყობის შემთხვევებს და ვრეაგირებთ თითოეული პატიმრის უფლების დარღვევის ფაქტზე, რაზეც საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარებს სამინისტრო სრულ იგნორირებას ახდენს. განსაკუთრებით საგანგაშოდ მივიჩნიეთ პატიმართა სიკვდილიანობის მაღალი სტატისტიკას, რომელიც თავად სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით იქნა დადასტურებული", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
გარდა ამისა, ბესელიას მოძრაობა 2 დეკემბერს, გლდანის სამსჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში გარდაცვლილი 23 წლის თამაზ დადვანის ფაქტის გამოძიებასაც ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ კალმახელიძის პასუხისმგებლობისა და აღნიშნული პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას "პატიმართა დაცვის საქველმოქმედო ფონდი" და ახალგაზრდული მოძრაობა "არა", ასევე "მამული, ენა სარწმუნოებაც" ითხოვს.