გლდანის საგამოძიებო იზოლატორში 23 წლის თამაზ დადვანის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული.
ამის შესახებ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ აღნიშნა.
კომიტეტის სხდომაზე მინისტრს დადვანის საქმის პირად კონტროლზე აყვანა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ სთხოვა, რაზეც კალმახელიძემ უპასუხა, რომ ტუბერკულოზის დიაგნოზით გარდაცვლილი პატიმრის თამაზ დადვანის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და თუ გაირკვევა, რომ უწყების რომელიმე თანამშრომელმა გულგრილობა გამოიჩინა პასუხს აგებს.
"მკაცრად დაისჯება ყველა ის თანამშრომელი თუ გამოძიების შედეგად დადგინდა, მათი მხრიდან გულგრილობას ჰქონდა ადგილი", - აღნიშნა კალმახელიძემ და აქვე დასძინა, რომ 23 წლის ახალგაზრდის გარდაცვალება მისთვისაც მტკივნეული ფაქტი იყო და გამოძიება პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.