საქართველოს მთავრობა მიგრაციის საკითხებში ერთიანი სამთავრობო პოლიტიკის გაღრმავებას და მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემების გაუმჯობესებას იწყებს.
ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შეიქმნა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, რომლის საქმიანობის ტექნიკურ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა. კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.
კომისიის შემადგენლობაში არიან დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები.
მიგრაციის სამთავრობო კომისია იმუშავებს შიდა და გარე მიგრაციის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლიტიკის განხორციელებაზე, მოამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
მიგრაციის კომისიის კომპეტენციაშია ასევე ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად წინადადებების მომზადება. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, მიგრაციის სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
კომისიის პირველ სხდომაზე შემდეგი საკითხები განიხილება: თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნა; მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული ანალიტიკური სისტემის შექმნის პროექტის განხილვა; 2011 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ მიგრაციის საერთაშორისო კონფერენციის მოსამზადებელი სამუშაოები.
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია წელიწადში 2-ჯერ შეიკრიბება.