აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების ჯგუფში განხილვის მთავარი თემა გახდება. ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში რომელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ, მე-14 რაუნდს ეხება. მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 16 დეკემბერს უნდა გაიმართოს.
"ვგეგმავთ ყურადღებით შევისწავოთ მიდგომები და განვიხილოთ განცხადებებში მოყვანილი მიდგომები და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მათი იურიდიულად გამყარების შესაძლებლობა.
იგეგმება ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მუშაობის შესახებ მსჯელობა. მიუხედავად იმისა, რომ საზღვრისპირა რაიონებში სიტუაცია სტაბილურია, ბოლო ხანებში იკვეთება საშიში ტენდენცია ინციდენტების რაოდენობის ზრდისა. ყოველივე ეს კი ჟენევის მოლაპარაკებათა მონაწილეების ადეკვატურ რეაქციას მოითხოვს", _ ნათქვამია განცხადებაში.
ამას გარდა, სერგეი ლავროვის უწყება ასევე აცხადებს, რომ მეორე სამუშაო ჯგუფში რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს გაგრძელდება მხარეთა პოზიციების დაახლოების გზების ძიება დევნილების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით.
"იგეგმება განხილულ იქნეს კონკრეტული საერთაშორისო პროექტები, რომლებიც საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რაიონების გაზითა და წყლით ნორმალურ მომარაგებას გულისხმობს", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ რუსული მხარე ჟენევაში მიმდინარე დისკუსიების კონსტრუქციულად გაგრძელების მომხრეა.