მედეა ჯაფარიძის არსებობის ფორმა თავისთავად იყო რომანტიკული ცხოვრების თვალისმომჭრელი სანახაობა. არ ჰგავდა ჩვეულებრივ მოკვდავს. იცოცხლა ისე, რომ საკუთარი ცხოვრებით დაგვანახვა კეთილშობილების, მშვენიერების, ამაღლებულისა და ადამიანის სიყვარულის, სხვისთვის მსახურების აუცილებლობა.
მედეა ჯაფარიძე ქართველი ერის მშვენიერი ლედი იყო!
მართალია, დრო განაპირობებს პიროვნების ჩამოყალიბებას. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, დრო და საზოგადოებრივი წიაღი წარმოშობს გენიოსს, მაგრამ მედეა ჯაფარიძე ბნელი დროის ნათელი მოვლენა იყო. მის ირგვლივ თანაცხოვრობდა დიდი ოჯახური და პიროვნული ტრაგედია. ინგლისელებმა ბიძა, დედის ძმა, ცნობილი რევოლუციონერი ალიოშა ჯაფარიძე დახვრიტეს. ამ უბედურებამ სულიერი წონასწორობა დაურღვია დედამისს, ხშირად იწვა საავადმყოფოში, საიდანაც შვილის სანახავად გამოიპარებოდა ხოლმე. თავად მსახიობი ასე იგონებდა: ”ოთხი წლიდან მახსოვს, როგორ მომგლეჯდნენ ხოლმე მის კალთას და საავადმყოფოში მიჰყავდათ. დედა პერიოდულად ხდებოდა ავად და ხშირად გვაშორებდნენ ერთმანეთს. ჩემს მეტი აღარავინ ჰყავდა, ამიტომაც მანებივრებდა განსაკუთრებით და ამიტომაც უჭირდა ჩემთან დაშორება.… ხანდახან საავადმყოფოდან გამოიპარებოდა ღამღამობით და სახეზე დადენილი მისი ცრემლი მაღვიძებდა. ერთმანეთს ვეხუტებოდით და ასე ვიძინებდით. შემდეგ კვლავ მოვიდოდნენ ვიღაც ადამიანები და ძალით მიჰყავდათ“.
მედეა ჯაფარიძის ბავშვობა და ახალგაზრდობა დრომ შეიწირა, თითქოს ჩაუკლა მას სიხარული და ბედნიერება, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტინქტმა უფრო მწვავე და აუცილებელი გახადა მშვენიერების საუფლოში ცხოვრებისა და ასპარეზის აუცილებლობა. პირველი დიდი თეატრალური შთაბეჭდილება მის ცხოვრებაში შემოვიდა ქორეოგრაფიით (როგორც იქნა, ”გედების ტბაში“ მარინა სემიონოვა ნახა!). არც ის არის შემთხვევითი, რომ თეატრზე ოცნებას გამოხატავადა მის მაგიდაზე ვერიკო ანჯაფარიძის ივდითის სურათი სპექტაკლ `ურიელ აკოსტადან~. ბედმა გაუღიმა და იმ თეატრში მიიღეს მსახიობად, რომელშიც ვერიკო ანჯაფარიძის ივდითი მეორე ცხოვრებას განაგრძობდა. მალევე გახდა ვერიკოს პარტნიორიც. პირველსავე სპექტაკლში ორიოდე სიტყვა უნდა ეთქვა: "მარგარიტა გოტიე". უფრო დიდი სიურპრიზი ელოდა მსახიობს _ გავიდა დრო და ვერიკომ ივდითის როლი დააკისრა თავის მიერვე აღდგენილ "ურიელ აკოსტაში".
მედეა ჯაფარიძის მოსვლა ქართულ თეატრში არ ყოფილა ხელოვნებაში ახალი ესთეტიკის დაბადება, მაგრამ მისი თამაშის სტილისტიკას მდიდარი წარსულის რომანტიკული სურნელიც ჰქონდა შერჩენილი და ახალი გულწრფელობის ნიშნითაც იყო დაღდასმული. თანდაყოლილი კეთილშობილების გამო, ადვილად შეიყვარეს და ბუნებრივად დაიკავა თავისი ადგილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობთა თანავარსკვლავედში. ბოლოს, ვერიკოს მეზობლად ცხოვრობდა. მაშინდელი სუმბათაშვილ-იუჟინის (ახლანდელი ვერიკო ანჯაფარიძის) ქუჩა ფიქრის გორაზე ამდენ საოცრებას იტევდა!
ყველასთვის მოულოდნელად მედეა ჯაფარიძე ცოლად მსახიობ გრიგოლ კოსტავას, მერაბ კოსტავას ბიძას, გაჰყვა. მოგვიანებით ასე იხსენებდა: "ბევრს ახსოვს მერაბი, ვაჟკაცური, ღრმად ქართველი, მტკიცე ხასიათის, შეუპოვარი... სწორედ ასეთი იყო გრიშაც“. ახლობლები იხსენებდნენ: მედიკო სხვათა რჩევით მისთხოვდა ასაკით მასზე უფროსსო. ეგონათ, პატრონს გაუჩენდნენ ბედისაგან დაჩაგრულს, მაგრამ პირიქით მოხდა _ გრიშა დააპატიმრეს და იგი მედიკოს საზრუნავი გახდა... დიახ, გრიგოლ კოსტავას პოლიტიკური წარსული გაუხსენეს და, ორ მეგობართან ერთად, დაიჭირეს, აწამეს... ამას არ დასჯერდა ტოტალიტარული რეჟიმი და სამივეს დახვრეტა მიუსაჯა. ამ დროს 20 წლის იყო მედეა ჯაფარიძე. მისი ერთადერთი მიზანი მეუღლის გადარჩენა გახდა. აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის დამ, მარგარიტა მუსხელიშვილმა, მოსკოვში წერილი გაატანა ადმირალ ივანე ისაკოვთან, რათა ეშუამდგომლა ვასილ ულრიხთან, რომელიც საბჭოეთში განაგებდა პოლიტპატიმართა ბედ-იღბალს და სტალინური რეპრესიების ერთ-ერთი გამოჩენილი შემსრულებელი იყო. ამ პერიოდისთვის ვ. ულრიხი ერთდროულად იყო როგორც სამხედრო კომისიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ისე, _ სსრკ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. 6-თვიანი ლოდინის შემდეგ მედეა ჯაფარიძე კრემლის კაბინეტში შეხვდა ფაქტობრივ ჯალათს, რომელიც თითქმის ყველას უარით ისტუმრებდა. მსახიობის არაამქვეყნიური მშვენიერებით დატყვევებულს უთქვამს: `ანგელოზს თხოვნები არ აქვსო, მიბრძანეთ!" გასაოცარი და დაუჯერებელი იყო ის, რომ განაჩენი შეიცვალა და სამივე პატიმარს 10-10 წელი მიესაჯა.
მის სიკეთეს არ ჰქონდა საზღვრები. ერთი პერიოდი უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. სხვაზე ზრუნვაში დაავიწყდა ოჯახი, თეატრიც კი _ საამისოდ დრო აღარ რჩებოდა, რადგან უნდა ეშოვა საბარგო მანქანები, ხე-ტყე, ცემენტი, კოპტონი (საქონლის საკვები ჩენჩო) კოლმეურნეობისთვის, თუმცა არც იცოდა, რა იყო ეს კოპტონი. წლების განმავლობაში მედეა ჯაფარიძის შუამდგომლობით 126 ადამიანი გადაურჩა ციხესა და დახვრეტას. ვინ დაუდგებოდა წინ მის კეთილ ნებას?! ალბათ, უფრო იმიტომ, რომ მედეა ჯაფარიძისგან ასხივებდა ისეთი რაღაც, რასაც სხვაში ვერ იპოვიდი და ეს "რაღაც" მისი პიროვნების მარკერი იყო! დეპუტატად მეორედ აღარ აირჩიეს. ხუმრობდნენ: ციხეში პატიმარი აღარ დაგვიტოვაო! მხოლოდ მას შეეძლო ეთხოვა გენერალური პროკურორისთვის პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ებრძოლა და მოეთხოვა ყველაფერი, რაც კი სხვას სჭირდებოდა...
რომან რუდენკო ცნობილი საბჭოთა ჩინოვნიკი იყო, სრულიად უნიკალური მოვლენა თუნდაც იმით, რომ თითქმის 50 წელი (1953-1981) მუშაობდა საბჭოთა კავშირის გენერალურ პროკურორად; საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალზე, ნიურბერგის პროცესზე, საბჭოთა ბრალმდებლის მოვალეობა დააკისრეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუდენკო საქართველოში ესწრებოდა სტალინური რეპრესიების შედეგად დაღუპულთა რეაბილიტაციის პროცესს მაშინდელ რკინიგზის კულტურის სახლში. სწორედ ამ რუდენკოსთან მივიდა მედეა ჯაფარიძე პოლიტპატიმრის, როგორც ამბობენ, მერაბ კოსტავას, გათავისუფლების თხოვნით. საინტერესოა თავად გენერალური პროკურორის მოგონება (გურანდა გაბუნიას ნაამბობის მიხედვით): "თავჩახრილი ვზივარ კაბინეტში, ვმუშაობ!. უცებ გაიღო კარი და შემოფრინდა ანგელოზი _ თეთრ კაბაში გამოწყობილი, თავზე ვარდისფერი ქუდით. ის მოფრინდა ჩემს სამუშაო მაგიდასთან, რაღაც წაიჟღურტულა, შემდეგ წინ დამიდო ქაღალდი და თითით მანიშნა, სად უნდა მომეწერა ხელი. მეც ხელი მოვაწერე. მერე ამ ანგელოზმა მგონი მადლობა გადამიხადა, მგონი რაღაც წამიმღერა კიდეც... აიღო ქაღალდი, შემობრუნდა და გაფრინდა... ამის შემდეგ ხშირად ვფიქრობდი: ღმერთო ჩემო, ვინ იყო ის ანგელოზი ან, საერთოდ, რაზე მოვაწერე ხელი?! მერე გავიგე, რომ მედიკო ყოფილა"...
როცა მერაბ კოსტავა ციხიდან გაათავისუფლა, მედეა ჯაფარიძე უკვე აღარ იყო დეპუტატი!
პირადი ცხოვრება მუდამ ზურგს აქცევდა, ვიდრე რეზო თაბუკაშვილს არ შეხვდა (1947 წ.) და არ დაიწყო დიდი და უჩვეულო სიყვარულის ეპოპეა. ისინი რენესანსული ტიპის ხორცშესხმული ადამიანები იყვნენ უგმირო და უსულო რეალობაში. თვალშეუდგამი და მიუაჩრდილებელი ფიზიკური სილამაზე ერწყმოდა სულის მშვენიერებას. ჩვენ წინაშე იყო ანტიკური ხელოვნების მთავარი პრინციპის სახეობა _ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული. ყველა მუხლს იყრიდა ამ სილამაზის წინაშე _ ნაცნობიც და უცნობიც, ქართველიც და ისინიც, ვინც არაფერი იცოდა ამ ორი ადამიანის შესახებ. ერთხელ მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში შევიდნენ. ორკესტრი უკრავდა. ვიდრე თავისუფალ მაგიდასთან მივიდოდნენ, ორკესტრმა დაკვრა შეწყვიტა. მთელი დარბაზი მათკენ შემობრუნდა, ჯერ აღტაცების ხმები გაისმა, მერე კი ტაშმა იქუხა _ იგონებდა მალხაზ აბდუშელიშვილი. არაამქვეყნიურსა და არამიწიერ სილამაზეს დაუკრეს ტაში. მშვენიერების წინაშე ყველა და ყველაფერი უძლურია!
მედეა ჯაფარიძე ბედნიერი ქალი იყო, რადგან სწამდა და უყვარდა! მძიმე ცხოვრების ანარეკლად კი უძირო სევდით სავსე თვალები შერჩა.
მეც იმ ქუჩაზე ვცხოვრობდი, რომელზეც დააბიჯებდა სიკეთისა და რომანტიკის ცოცხალი განსახიერება. მახსოვს რეზო თაბუკაშვილის გარდაცვალების შემდეგი ოთხი წელი: ფიქრის გორაზე შორეული მზერით, ფრთხილი ნაბიჯებით მოსიარულე მსახიობი, რომლისთვისაც დრო გაჩერდა და თავადაც უჟამო ჟამის სიმბოლოს უფრო მოგაგონებდათ. ყველა დიდი თანაგრძნობით შეჰყურებდა, თუმცა ძნელი იყო უკვე სხვა სამყაროზე მოფიქრალისთვის დაგერღვია მყუდროება. მედეა ჯაფარიძის პიროვნება რაღაცნაირად ახერხებდა და თხზავდა ირგვლივ პოეტურად იშვიათს. თვალშისაცემი კდემამოსილება, სიდარბაისლე და ქართული სინაზე იპყრობდა ყველასა და ყველაფერს. შეგეძლო, მედიკოსთვის სახელმწიფო ჩაგებარებინაო _ ამბობდა ლილი იოსელიანი. მისი ფიქრითა და სიბრძნით გასხივოსნებული სილამაზე უფრო აჯადოებდა ყველას და არა მხოლოდ მიამიტი ფერიას მსუბუქი მშვენიერება.
გადის დრო, _ სასტიკი და სარკასტული. ალბათ, ამიტომ უფრო მძაფრდება მედეა ჯაფარიძის მონატრება. ერთხელ ნათელა ურუშაძეს ვკითხე:
_ ამიხსენით, რატომ მენატრება მედეა ჯაფარიძე, მსახიობი, რომელსაც პირადად არც ვიცნობდი-მეთქი?!
მან ჩვეული სიბრძნითა და კეთილგონიერებით მიპასუხა:
_ რთულ დროში ვცხოვრობთ! ბევრი ღირებული გადაფასდა და ჩვენც უფრო უხეში გავხდით. ამიტომ, ახლა, შესაძლოა, მედეა ჯაფარიძისთანა ადამიანი და ხელოვანი ვინმემ არ ჩათვალოს დღევანდელი მსახიობის ნიმუშად, მაგრამ მას აუცილებლად მიიჩნევს იმ გუშინდელ დღედ, რომლის დაკარგვასაც ყველა განიცდის, რადგან, რაც უნდა მოხდეს, ვერც სიკეთეს და ვერც რომანტიკას ვერ შეელევა ადამიანი!
მეც ღვთისგან მომადლებული ამ შეულეველი კეთილშობილებისა და სილამაზის მონატრება მტანჯავს და არ მასვენებს ერთი შეკითხვა: "მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება?!"
საბა მეტრეველი