ვაშინგტონი ინტერნეტგვერდ "ვიკილიქსის" დამფუძნებლისთვის, ჯულიან ასანჯისთვის, ქვეყნის ნაციონალური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების ბრალად წაყენებას არ გამორიცხავს. ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ თეთრ სახლში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ამჟამად საკითხები, რომლებიც ასანჯის დაპატიმრებასთანაა დაკავშირებული, "მხოლოდ დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის ურთიერთობების სიბრტყეში განიხილება".
"აშშ ამ პროცესთან დაკავშირებული არ არის. გრძელდება გამოძიება იმის დასადგენად, თუ ასანჯმა, როგორც ვიკილიქსის დამფუძნებელმა, რა ზიანის მიყენება მოასწრო აშშ-ის სახელმწიფოსა და სხვა ქვეყნების ინტერესებისთვის. ჩვენ წავუყენებთ ბრალს ნებისმიერს, რომელმაც, ჩვენი აზრით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კანონი დაარღვია", - განაცხადა კროულიმ, თუმცა არ დააკონკრეტა, რომელი კანონებითა და მუხლებით შეეძლება აშშ-ს ასანჯისთვის ან სხვა ადამიანებისთვის ბრალის წაყენება.
"მე არ ვარ იურისტი და ასეთი საკითხების გადაწყვეტა პროფესიონალ იურისტებს მივანდოთ", - განაცხადა კროულიმ.
მისი თქმით, აშშ-ს ძალიან კარგად ესმის, რომ ასანჯის საქმიანობის გამო ამერიკელი დიპლომატების მუშაობა პარტნიორებთან საკმაოდ გართულდება. თუმცა კროულის განცხადებით, აშშ-ს კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ამერიკელი დიპლომატების მიმოწერის გამოქვეყნებით ასანჯმა რეალურად საფრთხის ქვეშ დააყენა ადამიანების სიცოცხლე.
კროულიმ განმარტა, რომ "ყველა ქვეყანაში სადაც აშშ-ის დიპლომატიური სამსახურები აქვს, უამრავი ადამიანი თანამშრომლობს მასთან და ეხმარება ვაშინგტონს. ასანჯის მოქმედებების გამო კი რიგ შემთხვევებში მათი კარიერა, სიცოცხლე საფრთხისა და რისკის ქვეშ დადგა".