ქართული მხარე რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ ევროსაბჭოს თავმჯდომარის განცხადებას პასუხობს.
"რუსეთი ვმო-ს წევრი ვერ გახდება, თუ საქართველოს ხელისუფლების მიერ აქამდე მრავალჯერ გაჟღერებულ წინაპირობას არ შეასრულებს. ესაა როკის გვირაბთან და ფსოუზე არსებული საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი ლეგალიზაცია", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა.
მისივე განმარტებით, შეიძლება რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების აუცილებლობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ბევრი განცხადება გაკეთდეს, თუმცა საკითხის გადაწყვეტას მაინც "საქართველოს ხელმოწერა" სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს თავმჯდომარემ ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა, რომ რუსეთი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი.