მიუხედავად გაეროს გენერალური ასამბლეის მიღებული რეზოლუციისა, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირების უფლებებს ეხება ჩვენ პოზიციური მუშაობისათვის ვართ განწყობილი. განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა ცხინვალში ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან პიერ მორელთან (ევროკავშირი) ანტი ტურუნენთან (გაერო) და ბულატ ნურგალიევთან (ეუთო) გამართული შეხვედრის დასაწყისში. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ჩოჩიევის თქმით, ოსური მხარე იმედოვნებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ მე-14 რაუნდზე შესაძლებელი იქნება თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების საკითხში წინ წაწევა, ვინაიდან "ყველა სხვა დანარჩენი საკითხი, რომელიც დევნილთა დაბრუნებას და მათ უსაფრთხოებას ეხება სწორედ ამ ხელშეკრულების გაფორმებაზეა დამოკიდებული".
ამასთან ერთად, ამ შეხვედრაზე ბორის ჩოჩიევმა ასევე გააკრიტიკა გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი კომისარიატის პოზიცია და ეუთოს ეროვნული უმცირესობების დაცვის უმაღლესი კომისრის კნუტ ვოლებეკის შემაჯამებელი ანგარიში დაგმო.
"ეს ადამიანები დევნილები არ არიან. ეს ის ხალხია, რომელთაც საქართველოს ხელისუფლებამ თავიანთი სახლები დაატოვებინა. ლენინგორის (ახალგორი) რაიონის მაცხოვრებლები მაქვს მხედველობაში. ხოლო მათთან დაკავშირებით გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი კომისარიატის პოზიცია ძალიან გვაღელვებს.
ხოლო რაც შეეხება კნუტ ვოლებეკის პოზიციას, რომელსაც ჩვენ რვათვიანი მიმოწერის შემდეგ სამხრეთ ოსეთის მონახულების უფლება მივეცით და მის მიერ გაკეთებულ ანგარიშს ასეთი არაობიექტური და ტენდენციური დასკვნების გამოტანის შემდეგ თქვენც არ მისცემდით მასა და მის მსგავსებს თქვენს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას. მან არაფერი არ თქვა სამხრეთ ოსეთზე გარდა იმისა, რომ აქ ევროკავშირის დამკვირვებლები უნდა შემოვიდნენ. და ეს ხდება მაშინ როდესაც ეუთოს სამხრეთ ოსეთში რეაბილიტაცია ესაჭიროება", _ განაცხადა ჩოჩიევმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთი კვლავ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა მე-14 რაუნდი 16 დეკემბერსაა დაგეგმილი.