აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფხაზეთში მდგარი რუსულ საოკუპაციო ჯარის სამხედროებმა რომლებსაც სეპარატისტები რუს მესაზღვრეებად იხსენიებენ გალის რაიონის ტერიტორიაზე ნარკოტიკების შეტანასა და მათ მოსახლეობაში გავრცელებას შეუშალეს ხელი.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში რუსმა ოკუპანტებმა "მაზდას" ტიპის ავტომობილი დააკავეს, რომელშიც ხუთ ადამიანი იჯდა. არც ერთ მათგანს პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი და არც მოსაზღვრე ზონაში ყოფნის უფლება არ აღმოაჩნდა.
"სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილია ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მოსახლეობას შორის გასავრცელებლად იყო გამზადებული და პოლიეთილენის პატარა პარკებში დაფასოებული. სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მცენარეული წარმოშობისაა. მათი საერთო წონა 64 გრამია", - იუწყება აფხაზური მხარე.
მათვე ინფორმაციით, ყველა დაკავებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურს გადაეცა. დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული ინციდენტის შესახებ არ ვრცელდება, ჯერ ჯერობით ასევე უცნობია თუ რა ეროვნების ადამიანები იქნენ დაკავებულნი გალის რაიონში.