"კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ინფორმაციით, ირლანდიის მოქალაქე სალივან ქიარა როზმარის სიღნაღში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა - ნაგებობა წაართვეს.
ცენტრის ცნობით, სალივან ქიარა როზმარის უძრავი ქონება კანონმდებლობის სრული დაცვით ჰქონდა ნაყიდი. ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ კი, ყიდვა - გაყიდვის ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ ისე გააუქმა, რომ სამინისტროში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ მესაკუთრისთვის არ უცნობებიათ.
კახეთის გუბერნატორი გიაორგი ღვინიაშვილი "კახეთის საინფორმაციო ცენტრთან" საუბარში აღნიშნავს, რომ სიღნაღში ქონების წართმევის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს, სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის კობა ბურკიაშვილის განცხადებით კი, ირლანდიის მოქალაქეს ქონება სწორედ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ჩამოართვა.
"ირლანდიის მოქალაქეს ქონება ნამდვილად ჩამოერთვა და ქონების ჩამორთმევის შესახებ დავალება სამინისტროდან მივიღეთ. ახლა ზუსტად არ მახსოვს სამინისტროს წერილში რა წერია. აღარ მახსოვს, ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით, მაგრამ საკუთრების ჩამორთმევა ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოხდა", - აღნიშნა "კახეთის საინფორმაციო ცენტრთან" საუბრისას ბურკიაშვილმა.