ახალგორის რაიონის ე. წ. ადმინისტრაციას ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ საცხოვრებელი სახლების, ფართებისა და მიწის ნაკვეთების აღწერა დაავალა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ოსური მხარის ინფორმაციით, მათვე ევალებათ ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს იძულებით გადაადგილებული პირების აღრიცხვის გაკეთება და "შესაბამისი პირობების" შექმნა იმისთვის, რომ მათ მიმართონ ე. წ. სამხრეთ ოსეთის სასამართლო ორგანოებს და თავიანთი საკუთრების უფლების აღდგენა ან დადგენა დაიწყონ, რათა იქ უკანონოდ მცხოვრები ადამიანების გასახლება დაიწყოს.
"ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებული პირების აღრიცხვა, რომლებიც ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ლენინგორის რაიონის დასახლებული პუნქტებიდან გამოყარეს. მათთვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი პირობების შექმნა სამხრეთ ოსეთის სასამართლო ორგანოებში განცხადებების წარსადგენად საცხოვრებელ ფართში უკანონოდ მცხოვრები ადამიანების გასახლების მიზნით", _ ნათქვამია კოკოითის ე. წ. განკარგულებაში და იქვე ხაზგასმულია, რომ "აღნიშნული ბრძანება სამხრეთ ოსეთის იმ მცხოვრებლების (იძულებით გადაადგილებული) უფლებების აღსადგენად გამოიცა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ლენინგორის რაიონის დასახლებული პუნქტებიდან გამოყარა, ასევე ლენინგორის რაიონის მცხოვრებლების ადრინდელ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების პრობლემის გადასაჭრელად", _ ნათქვამია კოკოითის ე. წ. განკარგულებაში.