დეპუტატი ჯონდი ბაღათურია სასჯელაღსრულების დაწესებულებში ვიდეოპაემნების საფასურის დაწევას ითხოვს. აღნიშნული ინიციატივით ბაღათურია დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით გამოტანის დროს გამოვიდა.
"წუთზე ერთი ლარის დაწესება, სოციალური ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ძვირია, ამიტომ იქნებ ამ კუთხით გავაგრძელოთ მუშაობა. შესაძლებელია შეღავათები სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის მაინც დავუშვათ", - აღნიშნა ბაღათურიამ.
დეპუტატის ინიციატივაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა ლაშა თორდიამ თანხმობა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არის მინიმალური გადასახადი, რომელიც სისტემის გამართვის უზრუნველყოფას უნდა მოხმარდეს.
თორდიას განმარტებით, პირველ ეტაპზე ვიდეოპაემნებით მხოლოდ თბილისის სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულები ისარგებლებენ, თუმცა სამომავლოდ აღნიშნული მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელდება.
როგორც ცნობილია, 2011 წლის 1-ლი იანვრიდან პატიმრები ვიდეოპაემნებით ისარგებლებენ. მათ, ვისაც სურვილი ექნება მსჯავრდებულთან ვიდეოპაემანი განახორციელოს, სასჯელაღსრულების ბიუროს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს. საკითხს სამინისტროში განიხილავენ და პატიმრის თანხმობის შემთხვევაში, ვიდეოპაემანი შედგება. პატიმრებსა და მათ ახლობლებს ვიდეოპაემნებით სარგებლობა თვეში მაქსიმუმ 8-ჯერ შეეძლებათ და ის 15-წუთიანი იქნება.
ვიდეოპაემნებით სარგებლობის უფლება არ მიეცემათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულებს, რომლებსაც 10- და მეტწლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.