რუსი მსახიობი გოშა კუცენკო 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ფილმის გადაღებას აპირებს. ეს განცხადება მსახიობმა ვლადიკავკაზში ყოფნისას განაცხადა.
"რუსი მსახიობი სამხრეთ ოსეთში 2008 წლის აგვისტოში მომხდარო ომის შესახებ ფილმის გადაღებას აპირებს", _ იუწყება ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
"ოსეთში პირველად არ ვარ. ვიყავი აქ 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როდესაც საქართველო თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს, რათა სარწმუნო ინფორმაცია შემეგროვებინა ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების წინ. მასალა საკმარისი შევაგროვე. ბევრი ვესაუბრე ამ საშინელი მოვლენების თვითმხილველებს, ამიტომაც მინდა მართალი ფილმი გადავიღო, რომელიც ობიექტურად გადმოსცემს იმას, თუ რა მოხდა იმ დღეებში ცხინვალში", _ განაცხადა რუსმა მსახიობმა და დასძინა, რომ "მართალია დაგვიანებით, მაგრამ სიმართლე სამხრეთ ოსეთის შესახებ მაინც ზეიმობს საერთაშორისო არენაზე".
რუსი მსახიობი გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკელი რეჟისორის რენე ჰარლინის მიერ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე გადაღებული ფილმი არასოდეს გამოვა ეკრანებზე.
"მართალია, ამერიკელებმა უკვე გადაიღეს ფილმი ამ მოვლენებზე, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ფილმი არასოდეს გამოვა ეკრანებზე. კინო პატიოსანი უნდა იყოს. მთავარია ჩვენი ფილმის შექმნის დროს გვეყოს ვაჟკაცობა იმისა, რომ სამხრეთ ოსეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ მიუკერძოებლად მოვუთხროთ ყველას და ამით არც ქართველი ხალხი გავანაწყენოთ, რომელიც თავისი ადმინისტრაციის მძევალი აღმოჩნდა", _ აცხადებს კუცენკო.