ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული ძეგლების დაცვის საკითხი ჟენევის ფორმატში უნდა განიხილოს. აღნიშნული ინიციატივით დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კიმისიის სხდომაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ზურაბ ჯგუბურია გამოვიდა.
მისი განმარტებით, იუნესკოს არ აქვს უფლება, რუსეთი აიძულოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლების დასაცავად საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფები შეუშვას, ამიტომ აღნიშნული საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა უნდა მოხდეს.
"პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე ყველა შრომა ფუჭი იქნება. მაგალითად, 29 ნოემბერს რუსეთმა კოსოვოში სამი მართლმადიდებლური მონასტრის, აშშ-მ კი ერაყში მართმადიდებლური ეკლესიების რეაბილიტაციის ნებართვა მიიღო, რომელთაც გარანტორად ევროკავშირი დაუდგა და ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ გვინდა შედეგს მივაღწიოთ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ჰუმანიტარულ ჯგუფში უნდა დავამატოთ", - აღნიშნა ჯგუბურიამ.
ჯგუბურიამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიას სთხოვა, მიმართოს ხელისუფლებას საკითხი ჟენევის ფორმატში, ჰუმანიტარულ ასპექტში კონსულტაციების თემად აქციოს.