ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი მეუფე დანიელი საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასულიერო პირების პერიოდულად შესვლასთან დაკავშირებით დახმარებას სთხოვს.
აღნიშნულის შესახებ ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა დღეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
"არ ვიცი, რამდენად რეალურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქიდან გამოდევნილი ჩვენი სასულიერო პირების დაბრუნება, მაგრამ იქნებ ის მაინც უზრუნველყოთ, რომ სასულიერო პირებს პერიოდულად თავის მრევლთან შესვლის ნებართვა მისცენ", - აღნიშნა მეუფემ.
მისი შეფასებით, როდესაც მოძღვარს არ ეძლევა მრევლთან ურთიერთობის უფლება, ეს რელიგიური უფლებების დარღვევა და ამაზე აქცენტი უნდა გაკეთდეს.
მეუფე დანიელის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამღვდელოება კანონგარეშედ მოქმედებს, რადგან ის საქართველოს დედაეკლესიას არ ემორჩილება და მისი მოქმედების მხოლოდ პრობლემების მომტანია.