ხვალ, 8 დეკემბერს, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების ვიზიტს ელიან. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
პიერ მორელი (ევროკავშირი) ანტი ტურუნენი (გაერო) და ბულატ ნურგალიევი (ეუთო) ოსური მედიის ინფორმაციით, ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულს პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევს შეხვდებიან და ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი, მე-14 რაუნდის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ.
"ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სოფელ ტბეთში არსებული დევნილების სახლებისა და ცხინვალში აგებული მიკრორაიონის "მოსკოვსკის" მონახულება. ასევე სოფელ არცევში ეკლესიის დათვალიერება და ზონკარის წყალსაცავის ნახვა", _ იუწყება ინფორმაციის კომიტეტი.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შეხვედრა მოსკოვში უკვე გამართეს.