აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში რუსეთისათვის აფხაზეთში ე.წ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამი აგარაკის რუსეთისათვის გადაცემის ინიციატივით გამოდის.
"რატომ არ შეგვიძლია იმ ქვეყანას რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობა პირველმა აღიარა და არის ჩვენი მეგობარი და ჩვენი პარტნიორი საკუთრებაში გადავცეთ ობიექტები რომლებიც ისედაც, ადრე, საბჭოთა კავშირის საკუთრებაში იმყოფებოდნენ", _ აცხადებს სერგეი ბაღაფში.
მისივე თქმით, სამი ობიექტის რუსეთისათვის კერძო საკუთრებაში გადაცემის შესახებ (სახელმწიფო აგარაკები მიუსერაში, გაგრასა და ბიჭვინთაში) შეთანხმება აფხაზურმა მხარემ მას შემდეგ მიიღო რაც იგი ინტერნეტში გაჩნდა და საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
"მედიაში დაწყო აქტიური განხილვა ამ საკითხისა, თანაც ისე, რომ საკმარისი ინფორმაცია ამისათვის არავის გააჩნდა. მეც მაქვს კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც სპეციალურად ამისათვის შექმნილი აფხაზურ-რუსული კომისია სწავლობს", _ განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.
მისივე თქმით, მან თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დააფიქსირა. "ჩემთვის მე უკვე გადავწყვიტე, რომ ეს ობიექტები რუსეთის ფედერაციას უნდა გადაეცეს, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად სხვა და სხვა ობიექტების ვინმესთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ პარლამენტი იღებს და ისვე ახდენს სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების რატიფიცირებას", _ აცხადებს სერგეი ბაღაფში და აღნიშნავს, რომ გაგრაში მდებარე ობიექტი ჯერ კიდევ 2003 წელს გაიყიდა 25 მილიონ რუბლად, ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკი კი რუსეთის ფედერაცია უვადო სარგებლობის ვადით 1995 წელს გადაეცა.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ყველას მოუწოდა ნუ სპეკულირებენ რუსულ-აფხაზური ურთიერთობებით და კორექტულად გამოხატონ თავიანთი აზრი.
"არ არის საჭირო აფხაზურ-რუსული ურთიერთობების ეჭვქვეშ დაყენება. იმიტომ, რომ ჩვენთან უკვე ზოგ-ზოგიერთებმა ისიც კი თქვეს, რომ ჩვენ არ გვჭირდება რუსეთთან ურთიერთობები", _ აცხადებს ბაღაფში და დასძენს, რომ აფხაზეთში დღეს ბევრს საუბრობენ აფხაზურ-რუსულ ურთიერთობებზე და რატომღაც დუმან აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე, მიუხედავად იმისა, რომ "ჩვენს შორის ურთიერთობები ჯერაც დაურეგულირებელია და საქართველოს მხრიდან აფხაზეთის მიმართულებით დეზინფორმაციის ნაკადი არ წყდება".
"არ შეიძლება იმის დავიწყება თუ რა გააკეთა და რაც აკეთებს რუსეთი ჩვენთვის", _ აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი.