საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ბოლო დროს განხორციელებულ აფეთქებებში ეჭვმიტანილი იმ პირების აყვანის პროცესში, რომლებიც თავს ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებენ, რუსეთის შესაბამისი სამსახურების მხრიდან "კონსტრუქციულ დამოკიდებულებას" ელოდება.
"საქმეში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი ამჟამად თავს აფარებს ოკუპირებულ ტერიტორიას აფხაზეთში. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ მხარესთან და იმედი გვაქვს, რომ რუსეთის შესაბამისი სამსახურების მხრიდან კონსტრუქციული დამოკიდებულების შემთხვევაში საქმეში მონაწილე სხვა პირებისა და მოწმებიის დაკითხის შესაძლებლობა გვექნება", - განაცხადა საქართველოს შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში სექტემბერ-ნოემრის თვეში განხორციელებული აფეთქებები გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს.
დაკავებულები არიან გოგიტა არქანია (აფეთქებების შემსრულებელი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე), ჯონი აბულაძე (თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი), მარიამ ნიკოლავა (თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი), გოჩა ხურცილავა (თანამონაწილე, ასრულებდა მძღოლის ფუნქციას), გოდერძი არქანია (თანამონაწილე) და ლელა ხურცილავა (თანამონაწილე).
ამავდროულად, იძებნებიან ამჟამად ოკუპირებულ გალის რაიონში მყოფი: მერაბ ყოლბაია, მეტსახელად '"კოჭოია" (აფეთქებების ორგანიზატორი და შემსრულებელი) და მუხრან ცხადაია (აფეთქებების ორგანიზატორი და შემსრულებელი -2003 წლიდან იძებნება ადამიანის გატაცებისათვის).
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არქანიასა და ყოლბაიას თანამზრახველის ჯონი აბულაძის სახლში აღმოაჩინა: 13 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის: ჰექსოგენით სავსე 9 ქილა, რომელთაგანაც 4 ქილაში ლურსმნები იყო გარეული, ხოლო 1 ქილაში _ ტყვიის გულები. სულ ამოღებულია 10 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი.
როგორც ცნობილია, სექტემბერ-ნოემბრის თვეში აფეთქებები მოხდა თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩის #88-ში მდებარე "ლეიბორისტული პარტიის~ ცენტრალურ ოფისთან, რის შედეგადაც დაიღუპა ადგილობრივი მცხოვრები ნინო გორდეზიანი, მუხიანის პირველ მიკრორაიონში, ნონეშვილის ქუჩის #13-ში მდებარე სუპერმარკეტთან, თბილისში, აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს, ასევე ორი აფეთქება განხორციელდა თბილისის რკინიგზის სადგურთან და ხობის რაიონის სოფ. ჭალადიდთან სარკინიგზო ხიდზე.