შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავა.
შსს-ში გამართულ ბრიფინგზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ეკა ზღულაძემ განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, შესრულებაში და ხელშეწყობაში ეჭვმიტანილ პირთა ვინაობა დაადგინა, რის შედეგადაც 2010 წლის 4 დეკემბერს დაკავეს:
1. გოგიტა რევაზის ძე არქანია (დაბ. 1979 წ.) - აფეთქებების შემსრულებელი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე;
2. ჯონი მურადის ძე აბულაძე (დაბ. 1982 წ.) - თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი;
3. მარიამ მურმანის ას ნიკოლავა (დაბ. 1977 წ.) - თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი;
4. გოჩა მალხაზის ძე ხურცილავა (დაბ. 1985 წ.) - თანამონაწილე, ასრულებდა მძღოლის ფუნქციას;
5. გოდერძი რევაზის ძე არქანია (დაბ. 1978 წ.) - თანამონაწილე;
6. ლელა მალხაზის ას ხურცილავა (დაბ. 1983 წ.) - თანამონაწილე.
ზღულაძის განმარტებით, ამავდროულად, ძებნა გამოცხადდა სხვა ეჭვმიტანილებზე, რომლებიც ამჟამად ოკუპირებულ გალის რაიონში იმყოფებიან.
ოფიციალური ინფორმაციით, ესენია: მერაბ ყოლბაია, მეტსახელად '"კოჭოია" (აფეთქებების ორგანიზატორი და შემსრულებელი) და მუხრან ცხადაია (აფეთქებების ორგანიზატორი და შემსრულებელი -2003 წლიდან იძებნება ადამიანის გატაცებისათვის).
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არქანიასა და ყოლბაიას თანამზრახველის ჯონი აბულაძის სახლში აღმოაჩინა: 13 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის: ჰექსოგენით სავსე 9 ქილა, რომელთაგანაც 4 ქილაში ლურსმნები იყო გარეული, ხოლო 1 ქილაში _ ტყვიის გულები. სულ ამოღებულია 10 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერ-ნოემბრის თვეში აფეთქებები მოხდა თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩის #88-ში მდებარე "ლეიბორისტული პარტიის~ ცენტრალურ ოფისთან, რის შედეგადაც დაიღუპა ადგილობრივი მცხოვრები ნინო გორდეზიანი, მუხიანის პირველ მიკრორაიონში, ნონეშვილის ქუჩის #13-ში მდებარე სუპერმარკეტთან, თბილისში, აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს, ასევე ორი აფეთქება განხორციელდა თბილისის რკინიგზის სადგურთან და ხობის რაიონის სოფ. ჭალადიდთან სარკინიგზო ხიდზე.