საქართველოს მთავარი პროკურატურის ინიციატივით, 7 დეკემბერს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა სტუდენტებისთვის იმიტირებული სასამართლო პროცესების ტრენინგი დაიწყო. სწავლებას საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები დაესწრებიან, მომდევნო ეტაპზე კი ისინი იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.
უშუალოდ კონკურსამდე ტრენინგი პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში მოამზადებს სტუდენტებს. მონაწილეები თეორიულ საკითხებს გაეცნობინ, პრაქტიკოსი პროკურორებისგან კი მიიღებენ რეკომენდაციებს, დადგამენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს. ტრენინგებისთვის სტუდენტები ღია კონკურსის წესით შეირჩნენ. მასში სულ ექვსი ჯგუფი მონაწილეობს.
კონკურსის დასკვნით ეტაპზე ჯგუფები კონკრეტული მკვლელობის საქმეს განიხილავენ და ნაფიცი მსაჯულების წინაშე იმიტირებულ სასამართლო პროცესს გამართავენ. ტრენინგის დასასრულს გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება, რომელსაც სპეციალური სერთიფიკატი გადაეცემა.
ტრენინგების პირველ დღეს მასში მონაწილე სტუდენტებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე შეხვდა და სტუდენტებს სწავლების მიზნები გააცნო. ~საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი იურისტები კარგად იყვნენ ინფორმირებულები სისხლის სამართლის რეფორმების შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება. მსგავსი ტრენინგებით სტუდენტებს კარგი საშუალება ეძლევათ უშუალოდ ჩაერთონ ამ პროცესში და პრაქტიკოსი პროკურორებისგან ისწავლონ მათთვის საჭირო უნარ-ჩვევები~.
იმიტირებული სასამართლო პროცესების ტრენინგი პროექტ `საზოგადოებრივი პროკურატურის~ ფარგლებში იმართება. პროექტი საქართველოში 2006 წლიდან ხორციელდება. ის მიზნად ისახავს პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის გაზრდას, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფას, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.