სახელმწიფო გადასახადების რეფერენდუმის გზით^გაზრდასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები მიმდინარე კვირასაც გაგრძელდება.
აღნიშნული დავალება მხარეებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მისაცა და საკითხთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერებისკენ მოუწოდა.
კანონპროექტი მესამე მოსმენით ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უნდა გასულიყო, თუმცა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა მისი გადადება კიდევ ერთი კვირით ითხოვა და საპარლამენტო უმცირესობასთან დიალოგის დაწყებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კუბლაშვილის ინიციატივას "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე გამეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ მათ ინიციატივას არ გაითვალისწინებენ, მაშინ სჯობია საკითხი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გავიდეს, რადგან მას საპარლამენტო უმცირესობა მხარს მაინც არ დაუჭერს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სახელმწიფო გადასახადების გაზრდა ქვეყანაში რეფერენდუმის გზით უნდა მოხდეს და ამის გათვალისწინებით კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს, თუმცა "ქრისტიან-დემოკრატები" გადასახადების ზრდის მთავრობის უნდობლობის გამოცხადებისთვის მიბმას ითხოვენ.