"პირობას ვდებ, რომ ჩვენი სახელმწიფო საქართველოს წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს, სააკაშვილის გაცხადებები კი კაპიკად არ ღირს", - აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას თავის საგანგებო განცხადებაში.
"ამ განცხადებების სერიოზულად განხილვა Aძალიან რთულია, მით უფრო, რომ უკვე დროა, მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ სააკაშვილის განცხადებები კაპიკად არ ღირს. ამ განცხადებებს როგორც წესი ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა მოსდევს. ასე იყო 2004 წელს და ასე იყო 2008 წელსაც", _ აცხადებს კოკოითი.
მისი თქმით, საქართველომ იერიში ცხინვალზე დაიწყო ზუსტად ოთხი საათის გასვლის შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა საზეიმო განაცხადა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
"2008 წლის შემდეგ მთელი გასული დროის განმავლობაში საქართველომ მოახერხა არა მხოლოდ აღედგინა ომამდელი სამხედრო პოტენციალი, არამედ თავისი არმიის დამრტყმელი ძალა გაეძლიერებინა. დაუსჯელი სააკაშვილი კი აგრძელებს სამხედრო რევანშის გეგმებზე ფიქრს", _ აცხადებს კოკოითი და დასძენს, რომ "დღეისათვის სამხრეთ ოსეთის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი რუსული ჯარია, რომელიც მის ტერიტორიაზე ორმხრივ სახელმწიფოთაშორის საფუძველზე იმყოფება".
ოს სეპარატისტთა ლიდერი აცხადებს, რომ ოსი სეპარატისტები კვლავ მოითხოვენ იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულების გაფორმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. მისი თქმით, თავის მხრივ სამხრეთ ოსეთი მზადაა ეს ვალდებულება თავის თავზე აიღოს და საქართველოს წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენოს.
"სამხრეთ ოსეთი კი, თავის მხრივ, მზადაა ეს ვალდებულებები თავის თავზე აიღოს. მე, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი, პირობას ვდებ, რომ ჩვენი სახელმწიფო საქართველოს, მისი ხალხისა და შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს, თუმცა თავდაცვის უფლებას იტოვებს", _ წერს კოკოითი.