საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს და სწავლების მიმდინარე პროცესს გაეცნენ.
მინისტრი და ელჩი დაესწრნენ ბაზის ტერიტორიაზე გახსნილ სიმულაციურ ცენტრში მიმდინარე გაკვეთილებს. როგორც ბაჩო ახალაიამ განაცხადა, ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი საქართველოში, სადაც ხდება, როგორც რეკრუტების პირველადი მომზადება, ასევე უკვე მოქმედი სამხედროების სერიოზული გადამზადება.
`ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული წინსვლა, განსაკუთრებით კი სიმულაციური სასწავლო ცენტრის საქმიანობის მიმართულებით და ამ მხრივ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. ელჩი გაეცნო 32-ე და იმ ბატალიონების მომზადების პროცესს, რომლებიც ავღანეთის მისიაში მიიღებენ მონაწილეობას",- განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
ჯონ ბასის განცხადებით, მართლაც შეინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი. ელჩმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს არჩეული კურსისთვის და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის და კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება იმ დანაკარგის გამო, რომელიც ამ მისიების შესრულებისას საქართველომ განიცადა.