შპს „არტის" და „პრიზას" ერთ-ერთი დამფუძნებლის გურამ გოგუას საქართველოში ექსტრადიციის საკითხს თურქეთის სასამართლო დღეს, 6 დეკემბერს განიხილავს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საზოგადოებრივი მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" პრესსამსახურიდან აცნობეს.
აღსანიშნავია, რომ ეკა ბესელიას ორგანიზაციამ თურქეთის მთავრობას შუამდგომლობა გაუგზავნა და გოგუას პატიმრობიდან გათავისუფლება და მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსის მინიჭება ითხოვა.
"სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" მიიჩნევს, რომ გოგუას სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივით არის განპირობებული და მისი საქართველოში ექსტრადიცია დაუშვებელია.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოპოზიციამ გურამ გოგუა პოლპატიმრების სიაში შეიტანა. იგი თურქეთში საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე დააპატიმრეს.
გოგუა "არტი ჯგუფის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ბიზნესპარტნიორი იყო, რომელიც პირველად 2007 წლის შემოდგომაზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. მოგვიანებით გურამ გოგუა ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად გაათავისუფლეს, თუმცა ოქრუაშვილის წინააღმდეგ საქმის განახლების პარალელურად საქმის წარმოება გოგუას წინაარმდეგაც განახლდა.
გოგუა ქიბარ ხალვაშის ბიზნესკომპანიების "არტისა" და "პრიზას" ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.
მას საგადასახადო დარღვევებსა და ბიუჯეტისათვის ზიანის მიყენებაში სდებენ ბრალს.