ქართულმა მხარემ მალაიზიელ სამართალდამცველებს ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის უდანაშაულობის მტკიცებულებები გადასცა.
მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ჩილინგარაშვილის განცხადებით, მალაიზიური მხარისთვის გადაცემულ მასალებში გორდაძის მეუღლის - ელდარ დავითიანის აღიარებით ჩვენებაცაა.
ამასთან, ჩილინგარაშვილის თქმით, რომელიც მალაიზიაში ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა, დაკავებული ქართველები ბრალს არ აღიარებენ.
"ჩვენ დაკავებულებს შევხვდით და როგორც ისინი აცხადებენ, დანაშაულის მსხვერპლნი გახდნენ. უარყოფენ, რომ ნარკოტიკების გადატანის შესახებ იცოდნენ. მსგავსი შეხედულება გვაქვს ჩვენც და შესაბამისი მტკიცებულებებიც გადავეცით მალაიზიურ მხარეს", - აცხადებს ირაკლი ჩილინგარაშვილი.
გარდა ამისა, მისივე განმარტებით, დაკავებულ ქართველებს არც საპატიმრო პირობებთან დაკავშირებით და არც მალაიზიელების მხრიდან ცუდად მოპყრობის გამო პრეტენზიები არ გამოუთქვამთ.
ქართული დელეგაციის წევრები მალაიზიიდან სამი დღის წინ დაბრუნდნენ.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ბაბუცა გორდაძე და 37 წლის დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიელმა სამართალდამცველებმა ნარკოტრეფიკის ბრალდებით დააკავეს, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილით ისჯება. დაკავებულები საპყრობილეში უკვე 40 დღეა იმყოფებიან.
მალაიზიური კანონის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ბოლო სიტყვა მეფემ უნდა თქვას. ამ უკანასკნელს უფლება აქვს სიკვდილმისჯილი შეიწყალოს.
მალაიზიაში სასიკვიდლო განაჩენი უცხოეთის 120 მოქალაქისთვის აქვთ გამოტანილი.