უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, ირანში იმატა სასიკვდილო განაჩენის გამოტანისა და აღსრულების რაოდენობამ. მხოლოდ ივლისის ბოლო კვირაში, ირანში 32 ადამიანს მიესაჯა სიკვდილით დასჯა, მათ შორის 3 ქალს, რომლებიც ქმრის მკვლელობაში იყვნენ ბრალდებულნი,
"ირანში მკვლელობისთვის თავისუფლების აღკვეთა არ არსებობს - ან შეწყალება, ან სიკვდილით დასჯა", - განმარტავს როი ბორუმანდი, აშშ-ში დაფუძნებული ირანული უფლებადამცველი ორგანიზაციის Abdorrahman Boromand Center-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ზოგიერთ სხვა ქვეყანაში სიკვდილის დასჯის განაჩენს უფრო ხშირად აღასრულებენ, ვიდრენ ირანში, მაგრამ Amnesty International-ის თანახმად, სხვაგან არსად სჯიან სიკვდილით ამდენ ქალს, რამდენსაც ირანში.
რატომ სჯის სიკვდილით ირანი ქალებს?
სასიკვდილო განაჩენი
Abdorrahman Boromand Center-ის თანახმად, გასულ კვირაში სიკვდილით დასჯილი სამი ქალის გარდა, ამ წლის პირველ ექვს თვეში სიკვდილით დასაჯეს კიდევ ექვსი.
ირანში სასიკვდილო განაჩენის უმეტესობა კაცებისთვის გამოაქვთ. თუმცა, ბოლო წლებში სიკვდილმისჯილი ქალების რიცხვი მატულობს. Abdorrahman Boromand Center-ის თანახმად, 2000 წლიდან ირანში 233 ქალს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი.
ცენტრის ცნობით, ამ ქალებიდან 106 სიკვდილით დასაჯეს მკვლელობისთვის, 96 კი ნარკოდანაშაულისთვის. კიდევ რამდენიმე ქალს მრუშობისთვის მიუსაჯეს სიკვდილი.
აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევების 15% იყო მხოლოდ ოფიციალურად დაფიქსირებული, დანარჩენის შესახებ ინფორმაცია აქტივისტებმა მოიპოვეს პოლიტპატიმრებისგან ან ოფიციალური პირებისგან ინფორმაციის გაჟონვის შედეგად.
ადამიანის უფლებათა დამცველები სასიკვდილო განაჩენის დიდ რაოდენობას კანონმდებლობის მოქნილობის ნაკლებობით ხსნიან - სახელმწიფოს არ შეუძლია შეცვალოს სასიკვდილო განაჩენი: შეწყალების გადაწყვეტილება მსხვერპლის ოჯახმა უნდა მიიღოს.
უფლებადამცველთა თქმით, ირანის მართლმსაჯულების სისტემა დისკრიმინაციას უწევს ქალებს. მაგალითად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი გოგონების შემთხვევაში 9 წლიდან დგება, ბიჭებისთვის - 15 წლიდან. და ქალების ჩვენებას ყოველთვის ნაკლები იურიდიული წონა აქვს, ვიდრე მამაკაცებისას.
არანაირი დახმარება
შეწყალების იშვიათი ჟესტი - მოკლული ბიჭის ოჯახმა შეიწყალა მკვლელი, როცა ის სახრჩობელაზე განაჩენის აღსრულების მოლოდინში იყო. 2007 წელს მოკლული აბდოლა ჰოსეინზადეს დედამ და მისმა ქმარმა სიკვდილმისჯილს თოკი საკუთარი ხელებით მოხსნეს.
ირანელი აქტივისტი ათენა დაემი ბოლო წუთამდე ცდილობდა აეცილებინა განაჩენი ერთ-ერთი ქალისთვის, 40 წლის ავღანელი სანუბარ ჯალალისთვის, რომელიც სიკვდილით დასაჯეს გასულ კვირას ქმრის მკვლელობისთვის.
დაემი იმედოვნებდა, რომ დაელაპარაკებოდა მსხვერპლის ოჯახს, რათა მათ ეპატიებინათ სანუბარისთვის, რითაც სასიკვდილო განაჩენს გადაურჩებოდა.
"ჩვენ ვცადეთ დაზარალებულის ოჯახის კონტაქტების მოძიება, მაგრამ ციხის ადმინისტრაცია ამაში არ დაგვეხმარა. მათ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატის ტელეფონის ნომერი მოგვცეს, მაგრამ მან ჩვენი მიმართვები უგულებელყო", - განუცხადა დაემიმ BBC-ს.
"ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ციხის ადმინისტრაცია ეხმარება ბრალდებულის ოჯახს, ან ადვოკატს, დაზარალებულის ოჯახთან დასაკავშირებლად, რათა მათ აპატიონ, მაგრამ არა ყოველთვის", - დასძინა აქტივისტმა.
სუსტი დაცვის სისტემა
ათენა დაემმა შვიდი წელი გაატარა ციხეში ადამიანის უფლებების დაცვისთვის. ის ამბობს, რომ ირანში ქალთა ციხეებს არ აქვთ ყველაზე ელემენტარული საშუალებები და პატიმრებს ზოგჯერ სცემენ კიდეც.
დაემის თქმით, ირანის სასამართლოს სისტემა სრულებით არ არის ქალის მიმართ კეთილგანწყობილი. ამას ისიც მოწმობს, რომ ირანში მოსამართლეებად და ადვოკატებად მუშაობა მხოლოდ კაცებს შეუძლიათ.
მისივე თქმით, სასამართლო, ირანის სამართლის წესების თანახმად, ბრალდებულისთვის ადვოკატს უზრუნველყოფს, მაგრამ დაცვის მხარის ადვოკატები ხშირად არაეფექტურები არიან, რადგან მათი უმეტესობა წარსულში, მოსამართლე ან პროკურორი იყო.
"მკვლელობის საქმეში უდანაშაულობის დამტკიცება ძალიან რთულია", - ამბობს დაემი, - "რადგან ამ შემთხვევებში მსხვერპლის ოჯახის სიტყვებს უფრო მეტი წონა აქვს, ვიდრე ბრალდებულის სიტყვებს".
სექსისტური სისტემა
ირანელი ჟურნალისტი ასიე ამინი, რომელიც ახლა ნორვეგიაში ცხოვრობს, ყურადღებით ადევნებს თვალს ქალების სიკვდილით დასჯის შემთხვევებს. იგი დარწმუნებულია, რომ პრობლემის საფუძველი თავად ირანის სამართლებრივ სისტემაშია.
"კანონის თანახმად, მამა და ბაბუა არიან ოჯახის უფროსები და შეუძლიათ გადაწყვიტონ თავიანთი ქალიშვილების ბედი, მათ შორის, ქორწინება", - ეუბნება ამინი BBC-ის.
ეს ნიშნავს, რომ გოგონებს, რომლებიც იძულებულნი არიან დაქორწინდნენ, შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნათ, მათ შორის ოჯახში ძალადობა და თითქმის შეუძლებელია ირანის სასამართლოში განქორწინება.
"ასეთ პირობებში ზოგიერთი ქალი სამუდამოდ განწირულია იმისთვის, რომ იყოს ძალადობის მსხვერპლი", - ამბობს ამინი და დასძენს, რომ ზოგიერთი ქალი ამიტომაც იწყებს ფიქრს აგრესორი ქმრის მოკვლაზე.
"ზოგიერთი ქალი აღიარებს, რომ მკვლელობა თავად ჩაიდინა ან ვიღაც სხვა დაეხმარა მათ", - ამბობს ამინი. - მაგრამ თითქმის ყველა მათგანი ხაზგასმით აღნიშავს, რომ თუ იარსებებდა მათ მხარდაჭერის სისტემა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებსაც ისინი ოჯახში განიცდიდნენ, დანაშაულს არ ჩაიდენდნენ“.
არასრულწლოვანთა სიკვდილით დასჯა
იმის მაგალითად, თუ როგორ ექცევიან სასამართლოები ზოგიერთ ქალს, ამინს მოჰყავს 16 წლის გოგონას, ატეფე საჰალის შემთხვევა, რომელზეც რამდენიმე მამაკაცი სექსუალურად ძალადობდა.
იმის ნაცვლად, რომ თინეიჯერ გოგონასთან მიმართებით სამართლი აღსრულებულიყო, 2004 წელს მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ მას ქორწინების გარეშე ურთიერთობა ჰქონდა.
"მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს იმის გამო, რომ აღიარა მამაკაცებთან სქესობრივი კავშირი, როდესაც ის რეალურად გააუპატიურეს", - ამბობს ამინი.
ჟურნალისტი განმარტავს, რომ ირანის ისლამური სასჯელაღსრულების კოდექსის მიხედვით, თუ მამაკაცი ან ქალი აღიარებს ქორწინების მიღმა სქესობრივ კავშირს, მას 100 როზგი ემუქრება. და თუ ეს სამჯერ განმეორდება, შესაძლოა, მეოთხედ სიკვდილით დასაჯონ.
ნარგეს მოჰამადიმ, სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო აქტივისტმა ინტერნეტში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ქმრის მკვლელობაში ბრალდებული და სიკვდილმისჯილი ქალის ვაჟი, რომელიც სახრჩობელაზე მდგომ დედას ფეხებქვეშ სკამს აცლის.
მოჰამედი დარწმუნებულია, რომ მოკლული ქმრის ახლობლები დიდ ზეწოლას ახდენენ შვილზე, რათა "ოჯახის ღირსება აღედგინა".
დაშინების ინსტრუმენტი
ასიე ამინი ამბობს, დისკრიმინაციას კანონში, სასამართლოსა და ტრაციდიებში, ქალები ჩიხში შეჰყავს - ისინი შეიძლება იყვნენ დამნაშავეები, ისევე როგორც მსხვერპლები. მაგრამ ჟურნალისტმა არ იცის, როგორ შეაჩეროს სიკვდილით დასჯის ეს სერია.
"წლების განმავლობაში ვადევნებდი თვალს პატიმრების მსგავს შემთხვევებს სხვადასხვა ციხეში, მაგრამ ვერასოდეს ვიგებდი, რას მოუტანდა ასეთ სასტიკი სასჯელები ირანის მთავრობას", - ამბობს.
ამასთან დაკავშირებით, Abdorrahman Boromand Center-ის დირექტორს, როი ბორუმანდს თავისი მოსაზრება აქვს.
"ირანის ციხეები გადატვირთულია პოლიტპატიმრებითა და ნარკოდანაშაულებზე მსჯავრდებულებით, ამიტომ ირანის ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას მსხვერპლთა ოჯახებზე და მოითხოვს მათ სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება - აღსრულება ან შეწყალება - სივრცის გასათავისუფლებლად".
უფლებადამცველი ეჭვობს, რომ ხელისუფლებას მკაცრი სასჯელის გამოტანის ფარული მიზანიც აქვს. მისი თქმით, მკაცრი სასჯელებით, ირანის ხელისუფლება ცდილობს, შიში დათესოს მასებსა და ანტისამთავრობო აქტივისტებში.
ირანის ფარგლებს გარეთ მრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა ქვეყანაში სიკვდილით დასჯის გამოყენების წინააღმდეგ.
მომზადებულია BBC-ის მასალაზე დაყრდნობით. ფოტო: BBC