ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გზას გაუხნის დამატებით ფინანსების მოზიდვას ფედერალური ბიუჯეტიდან და ინსტრუმენტებს დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად.
მანამდე, 2 აგვისტოს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლი დანიშნა ორი პირი, რომლებიც მაიმუნის ყვავილის ეპიდემიაზე აშშ-ის ადმინისტრაციის რეაგირების კოორდინატორები იქნებიან.
4 აგვისტოს მდგომარეობით, აშშ-ში მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6.6 ათასს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, 23 ივლისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
23 ივლისის მდგომარეობით, მსოფლიოს 75 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 16 000-ზე მეტი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. შემთხვევების უმრავლესობას წარმოადგენენ 18-დან 50 წლამდე ასაკის კაცები, რომლებსაც ჰქონდათ სქესობრივი კონტაქტი სხვა კაცებთან.
ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მაიმუნის ყვავილი არ არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია ტრადიციული გაგებით და ადამიანი შესაძლოა დაინფიცირდეს ნებისმიერი მჭიდრო ფიზიკური კონტაქტით.
"თუმცა, ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ აქამდე ინფიცირების უმეტესობა ასოცირდება სექსუალურ აქტივობასთან, ძირითადად, მაგრამ არა ექსკლუზიურად, მამაკაცებს შორის სექსით", - თქვა კვლევის ლიდერმა ჯონ თორნჰილმა.
მაიმუნის ყვავილს პოქსვირუსი იწვევს. პოქსვირუსი იმავე გვარსა და ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ყვავილის გამომწვევი ვირუსი.
მაიმუნის ყვავილის ძირითადი სიმპტომებია გამონაყარი, ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, შემცივნება და დაღლილობა.