ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარემ გია თორთლაძე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების გამოძიების გაგრძელებას ითხოვს. როგორც ანტიკრიზისული სხდომის დასრულების შემდეგ თორთლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარისგან კონსტანტინე გამსახურდიასგან საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებები მოისმინეს და ისაუბრეს იმ შედეგებზე, რაც კომისიის მუშაობას უნდა მოყვეს.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დადგენის საქმე ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი და შეიქმნას საგამოძიებო კომისია ან კონსტანტინე გამსახურდიას კომისიის ფარგლებში ან გენერალურმა პროკურატურამ 2004 წელს დაწყებულ გამოძიება უნდა გააგრძელოს და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს", - აღნიშნა თორთლაძემ.
მისივე თქმით, დროებითი კომისიის შუალედური დასკვნიდან ჩანს და ეჭვს არ ბადებს ის ფაქტი, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულია და მას თავი არ მოუკლავს. დეპუტატის შეფასებით, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, კონკრეტულ პირს უნდა დაეკისროს და ეს ბრძანება სწორედ ქვეყნის მაშინდელი პირველი პირისგან არის გაცემული.