საქართველო პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის შემსწავლელი დროებითი კომისია საბოლოო დასკვნას ორ კვირაში გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე გამსახურდიამ განუცხადა, რომლის თქმითაც, ერთწლიანი მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსია კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს.
"შემიძლია გითხრათ რომ კატეგორიულად გამოვრიცხავთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის თვითმკვლელობის ვერსიას, რადგან ის არ შეესაბამება თვითმკვლელობის ტექნიკურ მხარესა და ლოგიკას. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შევისწავლოთ და კომენტარი გავაკეთოთ იმ მასალებზე რომელიც მთავარ პროკურატურაში იყო დაცული და ჩვენს იმერ წარმოდგენილ მასალებზე როგორც თქვენ იცით 40-მდე მოსმენა გვქონდა და დაიკითხნენ ის ადამიანები რომლებსაც აღნიშნულ საქმესთან კავშირი ჰქონდა, თუმცა ვინმეს ბრალეულობის გამოკვეთა ჩვენი კომისიის კომპეტენციას სცილდება", - აღნიშნა გამსახურდიამ.
მისივე თქმით, დროებითი კომისია გენერალურ პროკურატურასთან ინტენსიურად მუშაობდა და ინფორმაციებს უცვლიდა.
"ვინმე ბრალეულობის გამოკვეთის ბერკეტი ჩვენ არ გაგვაჩნია და ეს შეუძლია გააკეთოს საგამოძიებო კომისიამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ან სამართალდამცავმა ორგანოებმა" - აცხადებს პირველი პრეზიდენტის შვილი. ამასთან ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარის დეპუტატ გია თორთლაძის თქმით, კომისიის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო რადგან XX საუკუნეში კერძოდ კი 1991-92 წლებში მომხდარი გადატრიალებისა და პრეზიდენტის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვის საკითხებს ნათელი მოეფინება.
"ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იცოდეს რაც მოხდა იმ პერიოდში და იმედი მაქვს, რომ კომისიის მუშაობის მასალებით გენერალური პროკურატურა დაინტერესდება და 2004 წელს შEწყვეტილ გამოძიებას ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების გარკვევასთან დაკავშირებით კვლავ გააგრძელებს",- აღნიშნა თორთლაძემ.
კომისიის მიერ მომზადებულ შუალედურ დასკვნას კონსტანტინე გამსახურდია ანტიკრიზისული საბჭოს წევრებს ამ წუთებში დახურულ რეჟიმში აცნობს. შეგახსენებთ, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი დროებითი კომისია პარლამენტში 2009 წლის 22 ოქტომბერს ჩამოყალიბდა.