რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საზღვარო დოქტრინა დაამტკიცა.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ხელმოწერის ცერემონია პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში, პეტერბურგის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის შენობაში გაიმართა.
რას ხედავს რუსეთი მთავარ გამოწვევად და საფრთხედ
დოქტრინის თანახმად, "ვაშინგტონის კურსი ოკეანეებში დომინირებისა და აშშ-ის გლობალური გავლენა სატრანსპორტო კომუნიკაციებზე საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციისთვის".
"რუსეთის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მთავარი გამოწვევები და საფრთხეები: აშშ-ს სტრატეგიული კურსი მსოფლიო ოკეანეში დომინირებისთვის და მათი გლობალური გავლენა საერთაშორისო პროცესების განვითარებაზე, მათ შორის სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და მსოფლიო ოკეანის ენერგორესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე, შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების სურვილი შეზღუდონ რუსეთის წვდომა ოკეანეების რესურსებზე და სასიცოცხლო მნიშვნელობის საზღვაო სატრანსპორტო კომუნიკაციებზე", - ნათქვამია დოკუმენტში.
საზღვაო დოქტრინის თანახმად, მთავარ საფრთხეებად და გამომწვევებად დასახელებულია "სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ რუსეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები ზოგიერთ სანაპირო და კუნძულოვან ტერიტორიებზე".
"ასევე, ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რუსეთის საზღვრებთან, სამხედრო წვრთნების რაოდენობის გაზრდა რუსეთის ტერიტორიის მიმდებარე წყლებში", - აღნიშნულია საზღვაო დოქტრინაში.
ამასთანავე, რუსეთი მთავარ გამომწვევად მიიჩნევს "აშშ-ის სურვილს, მიაღწიოს თავისი საზღვაო ძალების აბსოლუტურ უპირატესობას, ასევე ვაშინგტონის სურვილს, გაზარდოს სხვა სახელმწიფოების საზღვაო ძალების საბრძოლო შესაძლებლობები".
ზონები, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის ეკონომიკაზე
საზღვაო დოქტრინაში დასახელებულია [მსოფლიო ოკეანის] ზონები, რომლებიც კრემლის აზრით, გავლენას ახდენენ რუსეთის ეკონომიკაზე, ეროვნულ და სტრატეგიულ უსაფრთხოებაზე.
დოქტრინის თანახმად, ეს ზონები მოიცავს რუსეთის სანაპიროს მიმდებარე ოკეანეებისა და ზღვების აკვატორიებს, აზოვისა და შავი ზღვის ჩათვლით; აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვას, შავი ზღვის, ბალტიის და კურილის სრუტეებს, მსოფლიო საზღვაო სატრანსპორტო კომუნიკაციების გავლის ზონებს, მათ შორის აზიისა და აფრიკის სანაპიროებზე გამავალ ზონებს.
ბირთვული ფლოტის ინფრასტრუქტურის განვითარება
საზღვაო დოქტრინის თანახმად, რუსეთი გააუმჯობესებს ბირთვული ხომალდებისა და ბირთვული ნარჩენების განადგურების ტექნოლოგიებს.
"საზღვაო საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია საზღვაო გარემოს ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საზღვაო ეკოსისტემების კონსერვაცია და აღდგენა. ამ პრიორიტეტის განხორციელების ფარგლებში, შიდა ბირთვული ფლოტის ინფრასტრუქტურის განვითარება", - აღნიშნულია დოკუმენტში.
რუსეთის გემთმშენებლობის ინდუსტრიის პრიორიტეტები
დოქტრინის თანახმად, ავიამზიდების მშენებლობისთვის წარმოების ობიექტების განვითარება რუსული გემთმშენებლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
"დიდი წყალწყვის ხომალდების, მათ შორის თანამედროვე ავიამზიდების მშენებლობის მიზნით", - ნათქვა დოკუმენტში.
პრიორიტეტები ასევე მოიცავს რუსეთში გემთმშენებლობის წარმოების მაქსიმალური ლოკალიზაციის უზრუნველყოფას.
ძირითადი რისკები რუსეთის საზღვაო საქმიანობისთვის
საზღვაო დოქტრინაში ერთ-ერთი მთავარ რისკად დასახელებულია საზღვარგარეთ რუსული გემებისთვის საზღვაო ბაზების არასაკმარისი რაოდენობა.
"საზღვაო საქმიანობის ძირითადი რისკები არის საკმარისი რაოდენობის ბაზების არარსებობა რუსეთის ფედერაციის გარეთ, რათა უზრუნველყონ ხომალდების მიღება, რომლებიც ასრულებენ დავალებებს ოკენეების შორეულ ნაწილებში", - ნათქვამია დოკუმენტში.
მთავარ რისკთა შორის დასახელებულია სხვა სახელმწიფოების მიერ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიაზე, გემთმშენებელ საწარმოებსა და ნავთობისა და გაზის კომპანიებზე დაწესებული შეზღუდვები.
რუსეთის ინტერესების დაცვა მსოფლიო ოკეანეში
დოქტრინის თანახმად, რუსეთი აცხადებს, რომ "პოლიტიკური, დიპლომატიური და არაძალადობრივი ინსტრუმენტების ამოწურვის შემდეგ, სიტუაციის შესაბამისად, შეუძლია, გამოიყენოს სამხედრო ძალა მსოფლიო ოკეანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ზონებში".
"რუსეთის ფედერაცია მსოფლიო ოკეანის მნიშვნელოვან რაიონებში თავისი ეროვნული ინტერესების რეალიზაციისა და დაცვის მიზნით იყენებს უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ეკონომიკურ, საინფორმაციო და სხვა არაძალისმიერ ინსტრუმენტებს. და როდესაც ასეთი ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობები ამოიწურება, მას შეუძლია, გამოიყენოს სამხედრო ძალა არსებული ვითარების ადეკვატურად", - ნათქვამია დოკუმენტში.
საზღვაო დოქტრინის თანახმად, მსოფლიო ოკეანის სხვა ზონებში, რომელიც "რუსეთისთვის არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, მოსკოვი იყენებს „უპირველესად პოლიტიკურ და სამართლებრივ ინსტრუმენტებს, დიპლომატიას და სხვა არაძალისმიერ მეთოდებს".
შავი ზღვის ფლოტი [ანექსირებულ] ყირიმში
ახალი საზღვაო დოქტრინის თანახმად, რუსეთი აპირებს რუსეთი აპირებს გააუმჯობესოს და განავითაროს შავი ზღვის ფლოტის ჯარების დაჯგუფება [ანექსირებულ] ყირიმსა და კრასნოდარის სანაპიროებთან.
ამასთან, დოქტრინა ითვალისწინებს "რუსეთის ფედერაციის გეოპოლიტიკური პოზიციების ყოვლისმომცველ განმტკიცებას შავ და აზოვის ზღვებში".
არქტიკა და ჩრდილოეთის ზღვის აკვატორია
დოქტრინის თანახმად, რუსეთი "გეგმავს გაააქტიუროს საზღვაო საქმიანობა არქტიკაში, გააძლიეროს კონტროლი უცხო სახელმწიფოების სამხედრო აქტივობაზე ჩრდილოეთ ზღვის წყლებში".
დოკუმენტის თანახმად, დაგეგმილია "საზღვაო საქმიანობის დივერსიფიკაცია და გააქტიურება სვალბარდის არქიპელაგში, ფრანც იოსების მიწაზე, ნოვაია ზემლიასა და ვრანგელის კუნძულზე".
გარდა ამისა, დოქტრინა ითვალისწინებს საბრძოლო პოტენციალის გაზრდას და ჩრდილოეთის ფლოტის ბაზირებისს სისტემის განვითარებას.
ნატოსთან ურთიერთობა
საზღვაო დოქტრინაში რუსეთი აცხადებს, რომ "დაიცავს თავის ეროვნულ ინტერესებს ატლანტიკის ოკეანში და წინააღმდეგობას გაუწევს ნატოს მცდელობებს, მიუახლოვოს თავისი ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებს".
დოქტრინის თანახმად, ნატოსთან ურთიერთობების განმსაზღვრელი ფაქტორი ალიანსის ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოების მიუღებლობა იქნება.
"ეროვნული საზღვაო პოლიტიკა ატლანტიკის რეგიონში განისაზღვრება ნატოს არსებობის გათვალისწინებით, რომლის საქმიანობა მიმართულია რუსეთის ფედერაციასა და მის მოკავშირეებთან პირდაპირი დაპირისპირებისკენ", - ნათქვამია საზღვაო დოქტრინაში.
რუსეთის საზღვაო ძალების მომსახურე პუნქტები ხმელთაშუა ზღვასა და აზია-წყნარ ოკეანეში
რუსეთის ფედერაცია გეგმავს ახალი პუნქტების აშენებას საზღვაო ძალების მომსახურებისთვის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში და ხმელთაშუა ზღვაში.
დოკუმენტის მიხედვით, პრიორიტეტებს შორისაა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში ლოგისტიკური მხარდაჭერის პუნქტების ფორმირება, რათა შეიქმნას პირობები საზღვაო ძალების ბაზირებისთვის.
"აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საზღვაო ყოფნისთვის პირობების შექმნა, რაც ამ რეგიონში საზღვაო სატრანსპორტო კომუნიკაციების ფუნქციონირების უსაფრთხოებაზე კონტროლის განხორციელების საშუალებას იძლევა", - ნათქვამია დოკუმენტში.
ხმელთაშუა ზღვის რეგიონში პრიორიტეტებია სირიის არაბთა რესპუბლიკასთან პარტნიორობის გაძლიერება და რუსეთის ფედერაციის მუდმივი საზღვაო ყოფნის უზრუნველყოფა ხმელთაშუა ზღვაში ტარტუსის ლოჯისტიკური ცენტრის საფუძველზე.
გარდა ამისა, იგეგმება რეგიონის სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე ლოგისტიკური მხარდაჭერის პუნქტების შექმნა და განვითარება.