ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის გათავისუფლება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უკანონოდ მიიჩნია.
სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებელს კომპენსაცია 20 000 ლარის ოდენობით და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ყოველთვიური 2500 ლარის გადახდა დააკისრა.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ინფორმაციით, სასამართლომ შორენა ღლონტის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
შორენა ღლონტმა სოციალური სამართლიანობის ცენტრის დახმარებით ორივე შემთხვევაში მიმართა სასამართლოს და ითხოვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებების უკანონოდ ცნობა, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება. სასამართლომ დაახლოებით 2 წლიანი განხილვის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და უკანონოდ სცნო შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლება, თუმცა უარი თქვა საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენაზე და სანაცვლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
"შორენა ღლონტი 2014 წლიდან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. თუმცა, 2020 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდგომ, ახალი მენეჯმენტის პროსახელისუფლებო პოზიციებისა და ლოიალობის გათვალისწინებით, იგი მიზანმიმართულად გახდა დისციპლინური დევნის სუბიექტი და გაათავისუფლეს თანამდებობიდან. მაუწყებლის დირექტორის ბრძანებით იგი გადაიყვანეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდისა და სოციალური მედიის არასაშტატო პოზიციაზე კონსულტანტად, ხოლო მას შემდეგ რაც მან საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან გათავისუფლების გამო სასამართლოს სარჩელით მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა მას კონსულტანტის პოზიციაზე ყოფნის შრომითი ხელშეკრულების ვადა უკანონოდ შეუმცირა და მცირე ხანში ამ პოზიციიდანაც გაათავისუფლა", - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენაზე უარს შორენა ღლონტი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.