რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინდონეზიის პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდოს მიწვევა მიიღო და ბალიზე 15-16 ნოემბერს დაგეგმილ "დიდი ოცეულის" სამიტს დაესწრება. იტყობინება სააგენტო "ინტერფაქსი" პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვზე დაყრდნობით.
ჟურნალისტებმა უშაკოვს ჰკითხეს, პირადად დაესწერება პუტინი სამიტს, თუ ონლაინარხებით მიიღებს მონაწილეობას. უშაკოვმა იმედი გამოთქვა, რომ " პანდემია საშუალებას მისცემს მონაწილეებს, რომ სამიტი ამჯერად მაინც გაიმართოს არადისტანციურად".
უშაკოვის განცხადებით, მნიშვნელოვანია ჯოკო ვიდოდოს მიერ პუტინის მიწევევა "იმის გათვალისწინებით, რომ ინდონეზიაზე დიდი ზეწოლაა დასავლეთის მხრიდან".
"დიდი ოცეულის" სამიტი მსოფლიოში უძლიერესი ეკონომიკის მქონე წამყვანი სახელმწიფოებისა და მთავრობების ჯგუფის, რომელშიც ასევე შედიან რუსეთი, ჩინეთი და საუდის არაბეთი, ნოემბერში ინდონეზიაში გაიმართება.
ქვეყნის ხელისუფლების მიწვევით, სამიტში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.
ცოტა ხნის წინ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის მიუხედავად, მხარს უჭერს "დიდი ოცეულის" ფორმატის შენარჩუნებას რუსეთის მონაწილეობით.
მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე მოუწოდა არ დაუშვან G20-ის ფორმატის დაშლა რუსეთის პრეზიდენტის იზოლირების სურვილის გამო.
მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი თუ პუტინი გადაწყვეტს მონაწილეობა მიიღოს G20-ის სამიტში, ეს სამიტის ბოიკოტის საბაბი არ უნდა გახდეს.
"ჩვენ კარგად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ხომ არ მოვახდენთ მთელი G20-ს პარალიზებას, ამიტომ მე მხარს არ ვუჭერს ამას [ბოიკოტს],- თქვა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი სამიტი გამოყენებული იქნას იმისთვს, რომ პუტინს სახეში მიახალონ, თუ რას ფიქრობენ მასზე და მის ქმედებებზე.
მარტში შეერთებული შტატები და რამდენიმე სხვა ქვეყანა გამოდიოდა მოწოდებით, რუსეთის "დიდი ოცეულიდან" გარიცხვის შესახებ.
"დიდი ოცეული" ( Group of Twenty, G20) მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სტრატეგიული ფორუმია, რომელშიც ერთიანდება მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე 19 ქვეყანა და ერთი გაერთიანება. ესენი არიან: ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, მექსიკა, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. მეოცე წევრი ევროკავშირია, რომელიც სამიტზე ევროპის კომისიის და ევროპის ცენტრალური ბანკით არის წარმოდგენილი.
მთლიანობაში დიდ ოცეულში შემავალი ქვეყნები მოიცავს მსოფლიო ეკონომიკის 80 პროცენტს, მსოფლიო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედს.