ძველი თბილისის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ინსცენირებისათვის რამდენიმე პიროვნება დააკავეს. დაკავებულები არიან 1969 წელს დაბადებული დავით ზარხოზაშვილი, 1981 წელს დაბადებული ივანე ისაკაძე და 1984 წელს დაბადებული ალექსანდრე დოლიძე.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზარხოზაშვილმა, რომელიც მუშაობს ვალუტის გადასახურდავებელ პუნქტში, აიღო სამსახურის კუთვნილი 53 000 ა.შ.შ. დოლარი, რომელსაც კონვერტაცია გაუკეთა 40 000 ევროდ ,,პროკრედიტ ბანკის" სათაო ოფისში და განიზრახა ყაჩაღობის ინსცენირებით მიეთვისებინა აღნიშნული თანხა. იგი დაუკავშირდა ნათესავს, ივანე ისაკაძეს და ალექსანდრე დოლიძეს. დაგეგმეს ერთობლივად დაყაჩაღების ინსცენირება. დ.ზარხოზაშვილმა წინასწარ შეიძინა ერთი ლიტრი საწვავი, მისივე კუთვნილი ავტომანქანით ავიდნენ პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, საწვავი გადაასხეს ავტომანქანას და წაუკიდეს ცეცხლი, რის შემეგაც ზარხოზაშვილმა აღნიშნული თანხის ნაწილი 25 000 ევრო მითვისების მიზნით გაატანა დოლიძეს და ისაკაძეს.
შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა, რომ ქ.თბილისში უზნაძის ქუჩაზე ორმა უცნობმა პიროვნებამ გააჩერებინეს ავტომანქანა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით აიძულეს წასულიყო ზემოთ ხსენებულ სასაფლაოსკენ, სადაც დ.ზარხოზაშვილი გასკოჩეს, მობილური ტელეფონი წაართვეს და დაუწვეს კუთვნილი ავტომანქანა, ასევე გასტაცეს 25 000 ევრო, ხოლო 15 000 ევრო ვერ უპოვეს, რადგანაც ის ცალკე ჰქონდა გადამალული.
გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად დაკავებულია სამივე პიროვნება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 373-ე, 182-ე და 24-182 მუხლებით.