მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერს ზურაბ ნოღაიდელს პარტიის კახეთის რაიონული ორგანიზაციების წევრები უჩივიან. აქტივისტების თქმით, ისინი 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, 2 თვის განმავლობაში აგიტატორებად მუშაობდნენ, დაპირებული ხელფასი კი ვერ მიიღეს.
პარტიის წევრებმა დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართეს. 100-ზე მეტი ადამიანი უფლებადაცვითი ორგანიზაციისგან პარტიის წინააღმდეგ სასამართლოში შესატანად სარჩელის მომზადებას ითხოვს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ლია ხუროშვილის განმარტებით, პარტიას აქტივისტებთან შრომითი ხელშეკრულებები წერილობითი ფორმით გაფორმებული არ აქვს, თუმცა არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოქალაქეები პარტიის რაიონულ ოფისებში მუშაობდნენ, ხელფასი კი არ მიუღიათ.
„დღეისათვის სულ 104 მოსარჩელეა, სადაო თანხა კი 15 ათას ლარს აღწევს", - აღნიშნავს იურისტი.
ამ საკითხზე პარტიის რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები კომენტარს არ აკეთებენ.