საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მალაიზიელ გამომძიებლებს ამ დრომდე არ შეხვედრიან.
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ამ მიზნით ქართული დელეგაცია მალაიზიაში ამ დრომდე რჩება.
"ისინი უკვე შეხვდნენ ერთ-ერთი დაკავებულ ქართველს - ბაბუცა გორდაძეს და საქმის მისეული ვერსია მოისმინეს. ახლა დაგეგმილია შეხვედრები მალაიზიელ გამომძიებლებთან და საგარეო უწყების წარმომადგენლებთან", - განმარტა კალანდაძემ.
მისივე თქმით, "ჩვენი წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რათა მალაიზიაში დაკავებულ ქართველებს სასჯელის უმაღლესი ფორმა - სიკვდილით დასჯა აარიდონ.
"თუმცა, ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ ისინი მალაიზიელი პოლიციელების საკუთარ სიმართლეში დარწმუნებას, რომ სასამართლომ შემდეგ გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებს, რომ შედეგს მივაღწიოთ, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვერ ავიღებთ,"- - აღნიშნა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, მალაიზიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომელთაც ნარკოტრეფიკი ბრალდებათ, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილით ისჯება. ერთ-ერთი დაკავებულის, ბაბუცა გორდაძის სასამართლო პროცესი 6 დეკემბერს არის ჩანიშნული.