თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზარალებული შენობების რეაბილიტაციას ძველი თბილისის გამგეობა ახორციელებს და სამუშაოები დღეს დასრულდება. გამოიცვლება სადარბაზოს კარი და რამდენიმე ფანჯარა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში ორი აფეთქება დაფიქსირდა. პირველი აფეთქება 01:30 საათზე ჯავახიშვილის ქუჩის #88 კორპუსთან მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა ჯავახიშვილის #73-ში მცხოვრები 1945 წელს დაბადებული ნინო გორდეზიანი და დაიჭრა კიდევ ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი, დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი სახლები და "ლეიბორისტული პარტიის" ოფისი. 02:56 საათზე აფეთქება მოხდა მუხიანის პირველი მიკრორაიონის #13 კორპუსში მდებარე სუპერმარკეტის წინ, რის შედეგადაც მიმდებარე საცხოვრებელ სახლებში ჩაიმსხვრა მინები. ორივე აფეთქების ადგილას მუშაობს კრიმინალისტიკური სამსახური.
შს სამინისტროს კრიმინალისტური სამსახურის მიერ აფეთქებების ადგილებზე ჩატარებული ექსპერრტიზის პირველადი შედეგების მიხედვით, ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე ნივთიერება იყო გამოყენელი.
გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველო აწარმოებს.