შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ დღეს მომხდარი ორივე აფეთქების ადგილას ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი შედეგების მიხედვით, ორივე შემთხვევაში გამოყენებული იყო ერთი და იმავე ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერება.
როგორც შს სამინისტრო იუწყება, აფეთქების სხვა დეტალების გარკვევას გარკვეული დრო ესაჭიროება.
"როგორც კი კრიმინალისტიკური ექსპერტიზის საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ შესახებ საზოგადოებას შეატყობინებს", - აღნიშნულია შს სამინისტროს სპეციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში ორი აფეთქება დაფიქსირდა. პირველი 01:30 საათზე აფეთქება ჯავახიშვილის ქუჩის #88 კორპუსთან მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა ჯავახიშვილის #73-ში მცხოვრები 1945 წელს დაბადებული ნინო გორდეზიანი და დაიჭრა კიდევ ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი, დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი სახლები და "ლეიბორისტული პარტიის" ოფისი. 02:56 საათზე აფეთქება მოხდა მუხიანის პირველი მიკრორაიონის #13 კორპუსში მდებარე სუპერმარკეტის წინ, რის შედეგადაც მიმდებარე საცხოვრებელ სახლებში ჩაიმსხვრა მინები. ორივე აფეთქების ადგილას მუშაობს კრიმინალისტიკური სამსახური.
გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები