შინაგან საქმეთა სამინისტო ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაზე გამოძიებას აწარმოებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები კვლავ მუშაობენ. რაც შეეხება წინასწარ ვერსიებს, იგი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება.
"ამ დროისთვის ჩვენი გამომძიებლები ჯერ კიდევ მუშაობენ, ამიტომ წინასწარ რამის თქმა არ შემიძლია", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ხიზანიშვილმა.
ინციდენტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი სავარადოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გაკეთდება.
შეგახსნებთ, რომ ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ლეიბორისტული პარტიის" პრესსამსახურში განუცხადეს, აფეთქება პარტიის ცენტრალურ ოფისთან წუხელ, დაახლოებით 02.00 საათზე მოხდა, რის შედეგადაც მოპირდაპირე სახლში მცხოვრები 50 წლის ნინო გორდეზიანი მიღებული დაზიანებისგან სავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ამასთან, მათივე თქმით აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩამსხვრეულია როგორც პარტიის ოფისის, ასევე მიმდებარე შენობების მინები 10 მეტრის რადიუსში.