ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ლეიბორისტული პარტიის" პრესსამსახურში განუცხადეს, აფეთქება პარტიის ცენტრალურ ოფისთან წუხელ, დაახლოებით 02.00 საათზე მოხდა, რის შედეგადაც მოპირდაპირე სახლში მცხოვრები 50 წლის ნინო გორდეზიანი მიღებული დაზიანებისგან სავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ამასთან, მათივე თქმით აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩამსხვრეულია როგორც პარტიის ოფისის, ასევე მიმდებარე შენობების მინები 10 მეტრის რადიუსში.
კრიმინალისტები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. გამოძიების წინასწარი შედეგები და ვერსიები ამ დროითვის არ ხმაურდება.
აღსანიშნავია, რომ წუხელ, დაახლოებით 03:00 საათზე, თბილისში მეორე აფეთქებაც მოხდა, კერძოდ კი აფეთქების ხმა მუხიანში ნონეშვილის ქუჩაზე გაისმა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს გამოძიება.