უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში იშტვან იდიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი არ დაბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, როცა ამის დრო მოვა. ამის შესახებ, უკრაინული მედიის ცნობით, ელჩმა ტელეარხ Espresso-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მედიის ცნობით, ელჩმა ეს განცხადება ინტერვიუს დასასრულს, თავისი ინიციატივიით გააკეთა ისე, რომ ჟურნალისტის ამის თაობაზე არაფერი უკითხავს.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ როდესაც ევროკავშირში უკრაინის წევრობის საკითხის განხილვა დაიწყება, უნგრეთი მას მხარს დაუჭერს", - განაცხადა ელჩმა.
ამავე ინტერვიუში, უნგრელმა დიპლომატმა უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზეც ისაუბრა.
დიპლომატის განცხადებით, უნგრეთი "არასდროს ყოფილა წინააღმდეგი" უკრაინის ნატოში გაწევრიანებისა და "არც მომავალში იქნება წინააღმდეგი", თუ კიევს კვლავ სურს ალიანსში გაწევრიანება.
"თუ ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ამის წინააღმდეგი. ამიტომ, თუ უკრაინას მაინც სურს ალიანსში გაწევრიანება, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით", - დაარწმუნა იჯარტომ.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ელჩის განცხადებებისა, უნგრეთი [უკრაინის მიერ] განათლების შესახებ კანონის მიღების შემდეგ 2017 წლიდან ბლოკავს უკრაინა-ნატოს სამიტებს.
Flash Eurobarometer-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში უნგრეთის გარდა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.