ვატიკანსა და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის ურთიერთობამ "სულ სხვა ხასიათი მიიღო", უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო. ამის შესახებ კარდინალმა კურტ კოხმმა შვეიცარიულ პორტალ kath.ch-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც კვირას, 8 მაისს გამოქვეყნდა.
კარდინალმა გააკრიტიკა პატრიარქი კირილი და თქვა:
"თუ ეს შემაძრწუნებელი ომი რელიგიურ ლეგიტიმაციასაც მიიღებს, მაშინ ასეთმა საქციელმა უნდა შეარყიოს ყოველი ეკუმენური გული".
ამავდროულად, კარდინალმა კოხმა დაადასტურა პაპი ფრანცისკეს უარი რუსეთის ეკლესიის მეთაურთან შეხვედრაზე, რომელიც ივნისში უნდა გამართულიყო.
მისი თქმით, მოხარულია, რომ ეს შეხვედრა გაუქმდა, ვინაიდან მას შესაძლოა, გაუგებრობები გამოეწვია. ამასთან, კარდინალმა თქვა, რომ დიალოგის გაგრძელების მომხრეა.
მანამდე პაპმა ფრანცისკენ იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა 16 მარტს პატრიარქ კირილთან გამართული საუბრის შესახებ. პაპის განცხადებით, საუბარი დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა და პირველი 20 წუთის განმავლობაში, პატრიარქი კირილი ქაღალდზე დაწერილი ტექსტიდან უკითხავდა „ყველა იმ მიზეზს, რომლითაც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ამართლებდა".
"მოვისმინე და ვუთხარი: ამის არაფერი მესმის. ძმაო, ჩვენ არ ვართ სახელისუფლებლო სასულიერო პირები, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა პოლიტიკის, არამედ იესოს ენით. ჩვენ ღვთის სამწყსოს მწყემსები ვართ. ამიტომ, უნდა ვეძიოთ გზა მშვიდობისკენ, უნდა შევწყვიტოთ ბძოლა. პატრიარქი არ უნდა იქცეს პუტინის სტიქაროსნად", - თქვა პაპმა.
მოგვიანებით, პაპის ინტერვიუს რუსეთის ეკლესიის საპატრიარქო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვატიკანმა "არასწორი ტონი შეარჩია ამ საუბრის შინაარსის გადმოსაცემად".