ლონდონში, ვესტმინსტერის მაგისტრატმა სასამართლომ WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის ორდერი დაამტკიცა, სადაც [აშშ-ში] მის წინააღმდეგ აღძრულია 18 სისხლის სამართლის საქმე. ასანჟის საქმე დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანს პრიტი პატელს გაეგზავნება, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
იმ შემთხვევაში, თუ პატელი ორდერზე ხელს მოაწერს, ასანჟს კიდევ ექნება შესაძლებლობა გადაწყვეტილება ლონდონის უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივროს.
აშშ-ში ასანჟს ბრალს სდებენ საიდუმლო დოკუმენტები უკანონდ მოპოვებასა და მათ გავრცელებაში, ჯაშუშობაში, ასევე შეთქმულებაში კომპიუტერული ქსელის გატეხვის მიზნით. მას 175 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ჯულიან ასანჟი 2012-2019 წლებში ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს, რათა თავიდან აეცილებინა შვედეთში ექსტრადიცია, სადაც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ.
ასანჟი დანაშაულს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ შვედეთის ხელისუფლების მიერ მისი დევნის მიზანი აშშ-სთვის გადაცემა იყო.
2019 წლის აპრილში ბრიტანეთის სასამართლომ WikiLeaks-ს დამფუძნებელი დამნაშავედ ცნო 2012 წელს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობაში. ეკვადორის საელჩომ ბრიტანეთის პოლიციას საელჩოს შენობაში შესვლისა და ასანჟის დაპატიმრების უფლება მისცა. მოგვიანებით ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ ასანჟის ექსტრადიციის საქმეზე აპელაცია არ დააკმაყოფილა.