"ქართული ოცნების" პოზიციაა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და მისი პარტნიორი პარტიების არც ერთ საგარეო ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი უკრაინასთან დაკავშირებით „ლელოს“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე.
"სამართლებრივი თვალსაზრისით, რუსეთის აგრესია მეზობელი სახელმწიფოებისა და ამ შემთხვევაში კონკრეტულად უკრაინის მიმართ, რომ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამ პოზიციას ვიზიარებთ. ამას ადასტურებს ჩვენი თანაინიციატორობა ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში. პოლიტიკურ შეფასებაში ღია ვართ და ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ რუსეთი სამართლის ყველა საერთაშორისო პრინციპს არღვევს, როცა მეზობელ ქვეყნებში იჭრება და დიახ, მისი ქმედებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამას ადასტურებს ჰააგაში წარდგენილ სარჩელში ჩვენი თანაავტორობა", - ასეთი იყო დავითულიანის პასუხი "ლელოს" მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე.
შეგახსენებთ, საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტია "ლელო-საქართველოსთვის" პარლამენტს უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი შესთავაზა.