"კავკასიელი პოსტმოდერნისტები", - ამ სათაურით იწყებს ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Le Figaro საქართველოს შესახებ დაწერილ სტატიას.
სტატიის მიხედვით, ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, იმ ქვეყნის ლიდერი, რომლის 20 % ოკუპირებულია, ნატოს შემდეგ ევროპის დამშვიდებას შეეცადა და განაცხადა, რომ ოკუპანტის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობაზე ცალმხრივ ვალდებულებას იღებს და მას მოლაპარაკებების დაწყებას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე სთავაზობს.
"ეს პაციფიზმი, რომელიც აშკარად შთაგონებულია კანტის "მუდმივი მშვიდობის" ტრაქტატით, განსაკუთრებით საყურდღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ოსტატურად ეხმიანება იმ ცვლილებებს, რომელიც აშშ-ს ერაყულ მარცხს მოჰყვა და რაც გავლენას ახდენს საერთაშორისო ურთიერთობების სულისკვეთებაზე: წამყვანი სახელმწიფოები, მათ შორის ჩინეთიც, სერიოზულ შეზღუდვებსა და დაბრკოლებებს აწყდებიან, როდესაც საკუთარ პოლიტიკაში გათვლას მხოლოდ ძალაზე აკეთებენ", - აღნიშნავს სტატიის ავტორი ალენ ჟერარ სლამა.
სლამას აზრით, სააკაშვილი უპირისპირდება ადმინისტრაციულ, წვრილმან, ქსენოფობიურ და კორუფციულ მემკვიდრეობას, რომელიც ფაქტობრივად ხელუხლებელი დარჩა საბჭოთა საყინულიდან გამოსვლის შემდეგ.
"დღევანდელი გუნდი, რომელიც ეყრდნობა ახალგაზრდობას, ქალებს და უმცირესობებს, რომლებიც ძველ რეჟიმთან განშორების ძირითადი მამოძრავებელი ძალაა, აქცენტს აკეთებს საზოგადოებრივ თავისუფლებებზე (პირველ რიგში პრესის თავისუფლებაზე) და გამჭვირვალობაზე ძველი პოლიციური სისტემის წინააღმდეგ (29 წლის მინისტრის მოადგილემ შტატები შეამცირა და ხელი მოაწერა ბრძანებას 20 ათასი პოლიციელის გათავისუფლებაზე). გარდა ამისა, ეს გუნდი ყველანაირად მხარს უჭერს კერძო კაპიტალს, რათა მან მშენებლობები აწარმოოს თბილისში, ააშენოს კულტურის ცენტრები და შესანიშნავი სასტუმროები შავი ზღვის სანაპიროზე. ლიბერალური ქართული ხელისუფლება იმდენად მაღალი პასუხისმგებლობისაა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 6%-ს არასდროს აჭარბებს. და ბოლოს, რელიგიის სფეროში ის ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ საერო პლურალიზმის უჭერს მხარს (რაც სხვათაშორის მას გაცილებით უკეთ გამოსდის, ვიდრე მეზობელ თურქებს)", - წერს Lე Fიგარო.
სლამა მიიჩნევს, რომ ევროპას იმ კონფლიქტების მონაცვლეობით გახსენება მართებს, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში დატრიალდა.
""პოსტმოდერნისტული" სინთეზი, რომლისკენაც თბილისი მიისწრაფვის, საფუძველი გახდება, თუ არა მაგალითი, მათთვის, ვინც მზადაა იბრძოლოს თავისუფლების ზეიმისთვის", - ამთავრებს სტატიას ალენ ჟერარ სლამა