საქართველოდან შემოსულია დიდი რაოდენობა დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნისა, რაც საფრთხეს უქმნის მიღწეულ წარმატებას - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გადაცემა "იმედის კვირაში" განაცხადა.
კარლ ჰარცელმა ხუთი წლის წინ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება შეაფასა.
ჰარცელის თქმით, პოლიტიკური დატვირთვის გარდა, ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო ხიდების გადებასა და მეგობრობას და ევროკავშირისა და საქართველოს საზოგადოებების დაახლოებას.
"რაც შეეხება გამოწვევებს, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მხრიდან შემოსულია დიდი რაოდენობა დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნისა. ეს მოქალაქეების ინდივიდუალური მოთხოვნებია, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს საფრთხეს უქმნის მიღწეულ წარმატებას. ამ კონტექსტში უნდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილნი ვართ საქართველოს ხელისუფლების უწყებებთან თანამშრომლობით დიპლომატიის სფეროში, პოლიციის, საზღვრის დაცვის უწყებებთან, პარლამენტთან- ყველა ეს მცდელობა მიმართული იყო ამ წარმატების განსამტკიცებლად. თანამშრომლობა არ დასრულებულა. ის უნდა გაგრძელდეს და ყურადღებით უნდა ვიყოთ, თუმცა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის სახელით მინდა ვთქვა, რომ ყველანი კმაყოფილნი ვართ იმ მზაობით, რომელიც ქართულმა სახელმწიფო უწყებებმა გამოამჟღავნეს სხვადასხვა დონეზე. მგზავრობასთან დაკავშირებით - ახლა, როცა გამოჩნდა იმედი კოვიდის დასრულებისა, მინდა კარგი ამბავი გითხრათ. გასულ თვეს, ევროკომისიამ ურჩია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ გადადგან შემდეგი ნაბიჯი და მოხსნან შეზღუდვები აღიარებული ვაქცინიებით აცრილი საქართველოს მოქალაქეებისთვის. უდავოდ ისტორიული ნაბიჯი იქნა გადადგმული. ეს არის ეტაპი, როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრი მიმართული უნდა იყოს იმაზე, რომ ამ ნაბიჯის შედეგად შექმნილი შესაძლებლობები შედეგიანი გახდეს. ამავდროულად, ნათელია, რომ არსებობს რისკები და გამოწვევები. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა და ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, რომ ის მზადაა შემდეგი ნაბიჯებისთვის ევროინტეგრაციის გზაზე. საჭირო იქნება ბევრი ერთობლივი ძალისხმევა და ჩვენება იმისა, რომ ყველა ერთი მიზნისკენ მიისწრაფვის. აშკარაა, რომ წინ არის გამოწვევები და შესაძლებლობის ყველასთვის, რომ მობილიზებული იყვნენ თავისი წვლილის შესატანად ამ კარგ და წარმატების მომტან საქმეში“, - განაცხადა ელჩმა.