იუსტიციის სამინისტროში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია სახელწოდებით _ `ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების შეფასება ელექტრონული მმართველობის სისტემის დანერგვისთვის".
პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) პროგრამის ხელმძღვანელი მარკუს ნუდინგი, რეგიონული განვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროების, ევროკავშირისა (EC) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები, ასევე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძე დაესწრნენ.
პროექტის `ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების შეფასება ელექტრონული მმართველობის სისტემის დანერგვისთვის" ფარგლებში, ამჟამად მიმდინარეობს კვლევები მუნიციპალიტეტებში იმ სფეროების გამოსავლენად, სადაც შესაძლებელია საქმისწარმოების ელექტრონიზაცია.
ელექტრონული მმართველობის დანერგვა გააუმჯობესებს, როგორც მუნიციპალიტეტების შიდა მენეჯმენტის ეფექტურობას, ასევე მათ მიერ ადგილობრივი მოსახლეობისათვის შეთავაზებული მომსახურებების ხარისხს.
პროექტს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) დაფინანსებით იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ახორციელებს.