უკრაინაში ასობით მუზეუმია. ზოგიერთ მათგანში დაცული კოლექციის ღირებულება მსოფლიო მნიშვნელობისაა. უკრაინაში მდებარე შვიდი ძეგლი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.
უძველესი მართლმადიდებლური ეკლესიები, მონასტრები, კონსტრუქტივიზმის უნიკალური არქიტექტურული ძეგლები, ევროპული, უკრაინული, რუსული მხატვრობის კოლექციები - ეს ყველაფერი და მრავალი სხვა კოლეცია ახლა საფრთხის ქვეშაა. უსაფრთხოების მიზნით, ზოგიერთი მათგანი ლვოვში გადაიტანეს, სადაც საომარი მოქმედებები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.
იუნესკოს პოზიცია
"როდესაც კულტურული მემკვიდრეობა საფრთხეშია", ამბობს დოქტორი რომან ლუკშეიტერი, იუნესკოს გერმანიის კომისიის გენერალური მდივანი, "ეს ასევე საფრთხეს უქმნის ქვეყნის კულტურულ იდენტობას, ისევე როგორც მთელი კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობას".
"იუნესკო განსაკუთრებით შეშფოთებულია უკრაინაში მდებარე შვიდი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ბედით", - განაცხადა ლოკშეიტერმა DW-თან ინტერვიუში. მაგალითად, კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი, ლვოვის ისტორიული ცენტრი ან უძველესი ქალაქი ხერსონესი.
"გარდა ამისა, კიევს აქვს მსოფლიო მნიშვნელობის მე-20 საუკუნის დასაწყისის ებრაული მუსიკალური ფოლკლორის კოლექცია", დასძენს ლუკშეიტერი.
მისი განცხადებით, გარდა საყოველთაოდ ცნობილი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისა, უკრაინაში არის სხვა მნიშვნელოვანი კულტურული ფასეულობები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის დაცვის ქვეშაა.
"საერთაშორისო სამართალი გვავალდებულებს დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა შეიარაღებული კონფლიქტების დროს", - განმარტავს ის.
რუსეთი ჰააგის კონვენციის მხარეა და ვალდებულია დაიცვას კულტურული ფასეულობა ომის დროსაც კი. უკანონო ქმედებებისთვის რუსულმა მხარემ შესაძლოა პასუხი აგოს ჰააგის სასამართლოში.
თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იუნესკო წინ აღუდგება უკრაინაში კულტურული ფასეულობების განადგურებას.
"ვშიშობ, უძლურები ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც საერთაშორისო სამართალი თავიდანვე ირღვევა", - ამბობს იუნესკოს გერმანიის კომისიის გენერალური მდივანი.
რა ბედი ეწევა კიევის, ხარკოვის, ჩერნიჰოვის კულტურულ მემკვიდრეობას?
"ხარკოვში დაბომბვას სასწაულებრივად გადაურჩა მწერალთა სახლი "Слово" ("სიტყვა")", - ამბობს ხელოვნების ისტორიკოსი გრიგორი კოზლოვი.
1920-იანი წლების კონსტრუქტივიზმის ეს გამორჩეული ძეგლი სიმბოლურად აგებულია C ასოს ფორმით.
"1930-იან წლებში, ამ სახლში მცხოვრებ უკრაინული ლიტერატურის ელიტას სტალინი ესროდა. ახლა ამ სახლს პუტინი ესვრის. პუტინის ავიაცია ბომბავს ჩერნიჰოვს, სადაც მდებარეობს ფერისცვალების ტაძარი, მე-11 საუკუნის უძველესი არქიტექტურის ძეგლი. აქ არის მე-12 საუკუნის, პიატნიცკას ეკლესია, რომელიც 1941 წელს ნაცისტების საჰაერო თავდასხმასაც გადაურჩა“, - ამბობს კოზლოვი.
"ყველა მართლმადიდებელს უნდა ესმოდეს, რომ მართლმადიდებლობის აკვანი, კიევის წმინდა სოფიას ტაძარი საფრთხის ქვეშაა", - აღნიშნავს ხელოვნებათმცოდნე.
"ერთი ფრთოსანი რაკეტა და ბიზანტიელი ოსტატების შემოქმედება, მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი მოზაიკა, ორანტას ღვთისმშობელი აღიგვება პირისაგან მიწისა. მივეჩვიეთ გამეორებას, რომ ადამიანის გენიის შედევრები უკვდავია. სამწუხაროდ, ისინი მოკვდავები არიან, ისევე როგორც ადამიანები".
რა ხდება ლვოვში
მაშინ როდესაც რუსეთის ავიაეირიშები ანადგურებენ უკრაინის ჩრდილოეთით და სამხრეთ მდებარე ქალაქებს, თვალწარმტაცი ქალაქი ლვოვი უკრაინის დასავლეთით ჯერჯერობით ხელუხლებელია. მაგრამ ის ემზადება ომისთვის.
ლვოვის გალერეებში, მუზეუმებსა და ეკლესიებში უზარმაზარი ოპერაცია მიმდინარეობს ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად. ათასობით ნამუშევარი და არტეფაქტი გადატანილია მიწისქვეშა საიდუმლო ადგილებში, ან სარდაფის სათავსოებში.
ლვოვის ეროვნული მუზეუმის დირექტორის, იჰორ კოჟანის თქმით, ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მუზეუმის არტეფაქტების ევაკუაციის გეგმა არ არსებობდა.
"არ იყო გეგმა, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს მოხდებოდა," - თქვა მან. "ჩვენ არანაირი გეგმა არ გვქონდა - არც ომამდე, არც დეკემბერში. უნდა გესმოდეთ, ჩვენ არ გვჯეროდა, რომ საქმე აქამდე მივიდოდა".
ლვოვის ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეები ახლა ცარიელია. საგანძური საიდუმლო საცავებში გადაიტანეს.
კოჟანი შიშობს, რომ უკრაინის კულტურული საფუძვლის განადგურება რუსეთის მიზნის ნაწილია.
"თუ აქ იგივე ზიანი იქნება, როგორც ხარკოვში, მარიუპოლში, ეს იქნება საშინელი ტრაგედია", - თქვა მან. "ეს არის ისტორიული მეხსიერების ადგილი. აქაური მუზეუმები ინახავენ ერის ისტორიას. ისინი გვაძლევენ იმის ცოდნას, თუ ვინ ვიყავით, ვინ ვართ და ვინ ვიქნებით. რუსეთს სურს გაანადგუროს ეს".
ქალაქის ცენტრში არსებული ქანდაკებები სპეციალური მასალით შეფუთეს, რათა მაქსიმალურად დაიცვას მოსალოდნელი აფეთქებებისა და ნგრევისგან.
უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
უკრაინაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 7 ძეგლია, რაც საერთო რაოდენობის 0,7 %-ია (სულ 1007). 6 ობიექტი კულტურული კრიტერიუმის მქონეა, ხოლო 1 ბუნებრივი კრიტერიუმის მქონე.
ამის გარდა, 2014 წლის მდგომარეობით უკრაინიდან 15 ძეგლია შეტანილი მსოფლიოს მემკვიდრეობის საცდელ სიაშია.
კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი
კიევ-პეჩერის ლავრა
ლვოვის ისტორიული ცენტრი
ბუკოვინისა და დალმაციის მიტროპოლიტის რეზიდენცია
კარპატების ხის ეკლესიები
ტავრიის ხერსონესი (ქერსონესი)
წყარო: BBC, DW